უკრაინის წინააღმდეგ ომში მობილიზაციის შედეგად წაყვანილი მოსკოვის მერიის მაღალჩინოსანი, ალექსეი მარტინოვი დაიღუპა. ინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედია ჯგუფის, „Russia today“-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა, ნატალია ლოსევამ Telegram არხზე გაავრცელა.
მისი განცხადებით მარტინოვს სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა და იგი გაწვევიდან რამდენიმე დღეში ფრონტზე გააგზავნეს.
„ლიოშა მარტინოვი. 28 წლის. მოსკოვის მთავრობაში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. ჩემი ახლო მეგობრების მეგობარი და კოლეგა. მობილიზაციით გამოიძახეს 23 სექტემბერს. ყმაწვილობაში სემენოვსკის პოლკში მსახურობდა (სადაც მარშირებაში მონაწილეობდა). სამხედრო გამოცდილება ნული. ფრონტზე გაგზავნეს, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში. გმირულად დაიღუპა 10 ოქტომბერს. სამხედრო ხელმძღვანელებო, ახლა სიცრუის დრო არ არის. თქვენ არასდროს არ უნდა იცრუოთ, მაგრამ ახლა ეს დანაშაულია.“– დაწერა თავის Telegram არხზე ლოსევამ.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გასულ თვეში გამოაცხადა. როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა:
„საუბარია ნაწილობრივ მობილიზაციაზე, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.“
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
