LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნურავის ექნება მოლოდინი, რომ რეჟიმი, რომელმაც საქმეები შემიკერა, შემიწყალებს – სააკაშვილი

183
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ახალ მიმართვას ავრცელებს.

წერილში, რომელიც ჟურნალისტებს სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა წაუკითხა, ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს საკუთარ თავს და გაათავისუფლებს მასაც.

სააკაშვილის განცახდებით, არავის უნდა ჰქონდეს მისი შემიწყალების მოლოდინი, რადგან მისივე სიტყვებით, ის პუტინის პირადი პატიმარია:

“მივესალმები მთელს საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობის და აქტივობის პროცესს. ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა “ოცნება” და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და “ძველი ბიჭებით” თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მოქმედებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა “რევოლუციაზე” აკანკალებს, სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და ასეთი სიმწარით მოპოვებული გამარჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ.

მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში.

მივესალმები “გირჩელი” იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში, იზო ჩირგაძის გამბედაობას სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს, ვისაც აიძულეს ქართველების ხმის გაყალბებაში მონაწილეობა, მიბაძონ ჩირგაძის მაგალითს და იმ პოლიციელების მაგალითს, ვინც გადადგა, მაგრამ სიმართლე თქვა. ახლა აღარ არის არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო. დროა ერთიანობის და ბრძოლის. ჩვენ არცერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია.

რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს, ნურავის გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს და გამათავისუფლებს მეც.

მე არ მსურს არცერთი თანამდებობა. მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის.” – აცხადებს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g