LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფშორებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია პანამადან შემოვიდა, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება

336
image-q0soart0afb501

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საკუთარ ვებ გვერდზე საქართველოსა და ოფშორული ქვეყნების ურთიერთობაზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაცია პირველ რიგში, ოფშორის მნიშვნელობას განმარტავს – ეს არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ამაში იგულისხმება: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე.

მათივე განმარტებით, კომპანიები ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებიან, მათი გამოყენება კი სავალდებულოა. ორგანიზაციის შეფასებით, ჩვენი ქვეყნისთვის ოფშორებიდან მომავალი რისკები საკმაოდ მწვავეა, რადგან საქართველოსთვის ე.წ. ელიტური კორუფცია ერთ-ერთი საყურადღებო გამოწვევაა, ხოლო ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობაელიტური კორუფციისხელშემწყობ ფაქტორად არის მიჩნეული.

მათი ინფორმაციით, 2019 წელს ასეთი ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი ინვესტიცია პანამიდან შემოვიდა, 59 მილიონი დოლარის ოდენობით, ეს კი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

„ოფიციალური სტატისტიკით, 2010-2018 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5 მლრდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%-ია…  ცალსახად ოფშორული ტერიტორიებიდან პანამა ლიდერობს 300 მლნ დოლარით, შემდეგ მოდიან მალტა 239 მლნ დოლარით, ვირჯინიის კუნძულები – 96 მლნ დოლარით, ბელიზი – 64 მლნ დოლარით და ა.შ.

2019 წლის პირველ ნახევარში ოფშორული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია პანამადან შემოვიდა – 59 მლნ დოლარი, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, კერძოდ კი შპს „ტურიზმის განვითარების ფონდს“, რომელიც საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ია. აღნიშნული პანამური კომპანიის ბიძინა ივანიშვილთან კავშირს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფონდის პროექტების განმახორციელებელი კომპანიების ყოფილი და მოქმედი დირექტორები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან.“ –  წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ წინა წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ  მინიმუმ 9 ოფშორული კომპანია და 70 ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაცია სხვადასხვა ფორმით სწორედ „ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. მათივე შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კორუფციის სერიოზული პოტენციური წყაროა.

„გარდა იმისა რომ პოლიტიკოსის ოფშორებთან კავშირი კორუფციისთვის ხელშემწყობი გარემოებაა, არსებობს ე.წ. პოლიტიკური მორალი, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსს, რომელსაც ცვლილებების განხორციელება შეუძლია, კომპანიის რეგისტრაციისთვის და გარკვეული გადასახადების გადახდისთვის სხვა ქვეყნის ბიზნეს გარემო უფრო ხელსაყრელად მიაჩნია, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, სადაც თანამოქალაქეები უფრო მაღალ გადასახადებს იხდიან და კომპანიის რეგისტრაციისთვის და ოპერირებისთვის განსხვავებულ რეგულაციებს ემორჩილებიან…

საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით. საქართველომ უნდა შეასრულოს OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში, „საპარტნიორო ფონდის” პროექტებში ან სხვა სახელწიფო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას“ – წერს „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო.“

აღნიშნული ინფორმაციის თანდართული დოკუმენტებით დეტალურად გაცნობა ორგანიზაციის ვებ გვერდზეა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g