„ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე სხვა პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებულ ძალზედ მჭიდრო და მზარდ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების დაწყებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წვრთნებში მონაწილეობენ როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოები, მეზობელი და მეგობარი ქვეყნები.
„ჩვენი საერთო პარტნიორობა ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო და მეგობრულ საგარეო პოლიტიკას. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამყარება საქართველოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტია. ნიშანდობლივია, რომ წლევანდელი, რიგით მეოთხე „ღირსეული პარტნიორი“ რუსეთის აგრესიის მეათე წლისთავს ემთხვევა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობა დაბეჯითებით მოითხოვს ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შეჩერებას და რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა, რაც შეიარაღებული ძალების დამსახურებაცაა.
„ქართული ჯარი დგას ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე და ჩვენი ხალხის სიყვარულით და პატივისცემით სრულიად დამსახურებულად სარგებლობს. დღეს შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქართული ჯარის სამეთაურო შემადგენლობას „ღირსეული პარტნიორი“ საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ წვრთნები და დაგეგმოთ მაღალი სირთულის ოპერაციები. ჩვენი საერთაშორისო ძალისხმევის სადემონსტრაციოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი სამხედროები სამშობლოს ემსახურებიან შორეულ ქვეყნებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.