„ოკუპანტების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ოკუპირებულ ლუგანსკის ტერიტორიაზეა, სადაც მას ბრალი „ტერორიზმის“ მუხლით ედება“ – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ტელეგრამის არხზეა ნათქვამი.
სტარუხი ასევე იტყობინება, რომ დღეს დაახლოებით 07:00 საათზე ქალაქ ბერდიანსკში რუსმა სამხედროებმა გაჩხრიკეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირის სახლი და შემდეგ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დღეს ოკუპირებულ ბერდიანსკში საპროტესტო აქცია გაიმართა, ხოლო მელიტოპოლში ოკუპანტებმა მოსახლეობს ფედოროვის მხარდამჭერი აქციის გამართვის უფლება არ მისცეს.
ცნობისთვის, 11 მარტს ანტონ გერაშჩენკომ თქვა, რომ ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერს, ივან ფედოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს. მისივე ინფორმაციით, მერმა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.
მოქმედი მერის გატაცების შემდეგ, რუსებმა მელიტოპოლში ახალი „მერი“ დანიშნეს.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.