რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. დავით ზალკალიანის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არის მცდარი და მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია, რომელსაც ზალკალიანის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოში მმართველი ხელისუფლების ოპონენტები.
მინისტრმა განმარტა, რომ 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს ითვალისწინებს , არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.
„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია და მას მხარს უჭერენ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან“ – განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელთან.
მოგეხსენებათ, რომ შეთანხმება გაფორმდა 2011 წელს და წარმოადგენს, მხოლოდ ორ მხარეს – რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას. ის ითვალისწინებს სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს. არანაირი საუბარი არ არის რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებაზე. ყველაფერი არის ხსენებულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში, ისევე, როგორც ეს იყო ხელმოწერილი 2011 წელს და დანარჩენი ყველაფერი არის სიცრუე და სპეკულაციები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, ერთ-ერთი რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ საქართველო დათანხმდა საბაჟო ტერმინალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ე.წ. სამხრეთის საზღვრებთან განათავსოს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსგავსი ქმედება ორივე რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
