ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა “განკარგულებებს” ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის “დამოუკიდებლობის აღიარების” შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დოკუმენტების ხელმოწერასთნ ერთად ასლან ბჟანიამ აფხაზ ხალხსაც მიმართა:
„ძვირფასო თანამემამულენო,
თქვენ იცით, რომ აფხაზეთს ამ რესპუბლიკების ხალხების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. აფხაზეთის თითოეული მოქალაქე გულწრფელად თანაუგრძნობს მათ ბრძოლას სამართლიანობისა და ღირსეული ცხოვრებისათვის.
აფხაზმა ხალხმა ეს ყველაფერი უკვე გადაიტანა. ჩვენი თანაგრძნობის მიზეზიც ჩვენი ბედის მსგავსებაა – 4 მილიონი რუსულენოვანი ადამიანი უკრაინაში ფაქტობრივად გენოციდის წინაშე აღმოჩნდა.
ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მეგობრებს ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობების გათვალისწინებით ვეხმარებოდით. ვცდილობდით მარტო არ დაგვეტოვებინა იმ უბედურების პირისპირ, რომელიც მათ დონბასში დაატყდათ თავს. ახლაც იცით, რომ აფხაზეთში დსრ-ისა და ლსრ-ის მოქალაქეების პირველი ჯგუფი ჩამოვიდა.
უკრაინა აგრესიული იყო და არის ე.წ. კოლექტიური დასავლეთის წახალისებით, სწორედ ისე, როგორც ეს თითქმის 30 წლის წინ მოხდა, როცა საქართველო შეეცადა აფხაზებისთვის ბოლო მოეღო. ამ პოლიტიკას, ნაციონალიზმის ყველა გამოვლინებით, თავისი ისტორიული ფესვები აქვს. მხოლოდ იმას გაგახსენებთ, თუ როგორ გამძვინვარებული იბრძოდნენ ჩვენ წინააღმდეგ, აფხაზი ხალხის სამამულო ომში, საქართველოს ჯარის უკრაინული დაჯგუფებები „უნა-უნსო“. ამის დავიწყება შეუძლებელია.
დონბასის წინააღმდეგ წამოწყებული საბრძოლო მოქმედებების დასაწყისიდანვე ვხედავთ, თუ როგორ იმეორებს უკრაინის მთავრობა იმ შეცდომებს, რომელიც საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით დაუშვა. მთავრობისა და რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალების მებრძოლი ნაციონალიზმი უკრაინას მოლაპარაკების შესაძლებლობას უკარგავს – მათ არ გამოიყენეს შესაძლებლობა, ცივილური ურთიერთობა დაემყარებინათ თავიანთ რეგიონებთან, ქვეყნის რუსულენოვან მოსახლეობასთან. ღიად უცხადებდნენ საბოტაჟს შეთანხმებებს დსრ-სა და ლსრ-სთან კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ. პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების ნაცვლად, ტოტალურად არღვევდნენ დონბასის მოქალაქეების ბაზისურ უფლებებსა და თავისუფლებას. დევნიდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც არ ეთანხმებოდათ.
საკუთარი მოქალაქეების მიმართ ამგვარი უგუნური დამოკიდებულება, მცდარი ორიენტირებით სიარული ტრაგიკული შედეგით სრულდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ადრე თუ გვიან ყველანაირ უსამართლობას მოეღება ბოლო, მით უფრო, თუ ეს ასობით ათას, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ბედს უკავშირდება.
ჩვენ მოწმე ვიყავით იმისა, თუ როგორ ცდილობდა რუსეთის ფედერაცია პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტას, გამოდიოდა რა სამშვიდობო პროცესის აქტიურ შუამავლად. მაგრამ უკრაინის ხელისუფლება თავიდანვე ძალოვან მეთოდზე იყო ორიენტირებული – მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურებასა და დონბასიდან განდევნაზე. ეს ცხადზე უცხადესი გახლდათ.
სწორედ ამიტომ, როდესაც კონფლიქტმა კრიტიკულ მიჯნას მიაღწია; როცა სასიკვდილო იარაღით დატვირთული უკრაინა დასავლელმა პარტნიორებმა უკვე მოამზადეს დსრ-ისა და ლსრ-ის მოსახლეობის გასანადგურებლად; როცა რეგულაციის ყველა სამშვიდობო რესურსი ამოიწურა, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ეღიარებინა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქე, მივიჩნევ, რომ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ჩვენი მოკავშირის გადაწყვეტილება ყველა თვალსაზრისით სამართლიანია, ხოლო სპეციალური საომარი ოპერაცია – აბსოლუტურად გამართლებული.
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა, აფხაზეთის პატივცემულო მოქალაქეებო.
დსრ-სა და ლსრ-სთან ჩვენი მეგობრობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომავალშიც მათი ბედის მონაწილეები ვიყოთ. გულწრფელად ვუსურვებ ჩვენს ძმებს უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას. დღეს მე ხელი მოვაწერე ბრძანებებს: დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას სრულიად აფხაზური საზოგადოება ემხრობა.
ვავალებ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას, მოემზადონ აღიარებულ რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების დასადებად, ასევე მათთან დიპლომატიური ურთიერთობის დასაწყებად“,-აღნიშნულია მიმართვაში.