LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ეპიდაფეთქებაა

76
09C7EC6D-C972-40D6-A8DA-D75E80EF9705

ოკუპირებული აფხაზეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომელიც გულრიფშის რაიონში მდებარეობს, კორონავირუსის აფეთქებაა.

აღნიშნულის შესახებ ცნობები,მედიაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახალხო დამცველის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ქვეყნდება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, საავადმყოფოს პაციენტებში კორონავირუსის პირველი 5 შემთხვევა 13 ნოემბერს დადასტურდა, 29 ნოემბრისთვის კი, ინფიცირებულთა რიცხვმა 34-ს მიაღწია.

არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, სულ რამდენი პაციენტია ამ დაწესებულებაში.

გულრიფშის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კარანტინი ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველის, ასიდა შაკრილის ცნობით, ინფიცირებული პაციენტებისთვის საავადმყოფოს პირველ სართულზე გახსნეს სპეციალური განყოფილება და თუ მათი მდგომარეობა დამძიმდება, სოხუმში მდებარე რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 34 793 და გარდაცვალების 527 შემთხვევა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ვაქცინებით, „სპუტნიკ V“ და „სპუტნიკ ლაით“-ი აცრილია 12 491 პირი.

საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

 

ფოტოზე: აფხაზეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფო/apsnypress.info
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g