“ყველა ვარსკვლავის” მატჩის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დასრულდა. გულშემატკივრები ხმას ვეღარ მისცემენ და ახალი წესების მიხედვით აწი ყველაფერი კალათბურთელებ-ჟურნალისტებზეა დამოკიდებული. ქომაგების მხრიდან ხმის მიცემა კი, ჩვენი დროით, დღეს დილით 9:00 საათზე შეწყდა.
„ოლ სტარის“ ახალი წესებით გულშემატკივართა ხმებს 50%-იანი ძალა აქვს. დანარჩენი 25-25%-ს მედია და კალათბურთელები ინაწილებენ.
გეხსომებათ, მეორე შუალედური შედეგებით ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზე იყო. მას 823 476 ხმა ჰქონდა და დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში უახლოეს მდევარს დაახლოებით 200 ათასი ხმით უსწრებდა.
ამერიკელები ხმის მიცემის შედეგები ახლავე არ გააჟღერებენ. ცნობილია, რომ NBA საბოლოო შედეგებს, ანუ ორივე გუნდის (აღმოსავლეთი და დასავლეთი) სასტარტო ხუთეულებს 19 იანვარს გამოაქვეყნებს. საბოლოო შედეგებში კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნება დათვლილ-გათვალისწინებული.
“ყველა ვარსკვლავის” წლევანდელი სანახაობა 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება. 7-7 მოთამაშეს ვარსკვლავური გუნდების მთავარი მწვრთნელები თავად შეარჩევენ.