LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი: სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში მყოფი უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ 6 მაისიდან გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც მათ ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ

295
ნინო

სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების დაბინავების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ცნობილი გახდა, რომ  სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს,რომ 6 მაისიდან უახლოეს დღეებში საცხოვრებელი ფართები გაათავისუფლონ.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს მთავრობას და თანამდებობის პირებს – მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება.

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მომართვის და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს – 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება.

პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაფინანსების შესახებ არც რაიმე ნორმატიული გადაწყვეტილება მოიპოვება, არც რომელიმე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე დევს ოფიციალური განცხადება და არც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ფლობენ რაიმე ინფორმაციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მითუმეტეს, არაფერი იციან უკრაინიდან დევნილმა მოქალაქეებმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ უახლოეს მომავალში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს – მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g