LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი: წინასაარჩევნოდ 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა

62
lomjaria-axali

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ისევე როგორც პირველ სექტემბრამდე, ასევე მის შემდეგ კვლავ აღმოაჩინეს წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის შესაძლო შემთხვევები.

კერძოდ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, მოსყიდვის ფაქტები.

ომბუდსმენის თქმით, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად გამოირჩევა ოპოზიციურ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით.

ანაგარიშის მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.

ჩვენი მონაცემებით, მათგან 52 კანდიდატი პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები იყვნენ, 6 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და 1 “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენელი.

სახალხო დამცველის აპარატი კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან. აქვე აღნიშნულია, რომ კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას პირდებოდნენ.

ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ კანდიდატს არ სურს მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზეწოლის/მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებსა და საჯარო წყაროებში მითითებული ყველა შესაძლო ზეწოლის, მუქარის, დევნის, ფიზიკური ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და დანაშაულის ნიშნების მქონე სხვა ფაქტები; ჩატარდეს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების დროულად გატარების მიზნით;
  • უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმირებულობა ყველა დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g