რუსეთ-უკრაინის ომის ახალ კალაპატოში გადაყვანა მსოფლიოს მთავარი მოვლენაა. აშშ აქტიურად ჩაერთო საკითხში და უკვე მეორე მოლაპარაკება გაიმართა საუდის არაბეთში. ამ შემთხვევაში უკვე დაიდო კონკრეტული შედეგი – დროებითი ზავი და ცეცხლის შეწყვეტა. თუმცა ამ ეტაპზე მსგავს შეთავაზებას არ თანხმდება რუსეთის მხარე. ისინი ამბობენ, რომ არ უნდა იჩქარონ, კარგად გაერკვნენ ვითარებაში და რომ ჯერ კიდევ აკვირდებიან პროცესების განვითარებას, რომელიც საათობრივად იცვლება.
ძირითადად სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“, სადაც ასევე გაამახვილა ყურადღება მხარეების მოთხოვნებზე, აშშ-ის შესაძლო პოზიციასა და ევროპის გეგმებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
“მთელი მსოფლიოს ყურადღება საუდის არაბეთისკენ იყო მიმართული, სადაც უკრაინის დელეგაცია ჩავიდა. იქ იმყოფებოდა ვოლოდიმირ ზელენსკიც, მაგრამ ის არ იღებდა აშშ-სთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას. მას ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სალმანთან, სადაც ისაუბრეს საუდის არაბეთის ჩართვაზე უკრაინის რეკონსტრუქციასა და მედიაციაზე.
ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრა კი 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, როგორც გამოჩნდა, საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ. უკრაინა მიესალმა დონალდ ტრამპის ინიციატივას ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტაზე. ეს გულისხმობს დრონების და რაკეტების არგამოყენებას, ასევე თავდასხმა არ უნდა იყოს მიმართული მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა იშვიათი ლითონების შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც მათი მოსაზრებით, ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას.
ჯედაში შეთანხმების გამო განახლდა აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, ასევე იმ შეიარაღების მიწოდება, რომელიც მანამდე იყო გათვალისწინებული.
ზელენსკიმ ჩაწერა მიმართვა, სადაც მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს ჩართულობაზე. საპასუხოდ ისიც გამოეხმაურა და პოზიტიურად შეაფასა უკრაინული მხარის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
სამაგიეროდ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია მსგავსი შეთანხმება რუსეთისთვის. არ უნდა მივცეთ ამის საშუალება „უკრაინის ტერორისტულ რეჟიმს“ – ასე ფიქრობს პუტინი. მოკლედ, რუსებს არ სურთ შეთანხმება, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს უკრაინას მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას და რომ იქნება კიდევ უფრო ხანგრძლივი ომი.
ტრამპმა ხისტი განცხადება გააკეთა, რომ არ სურს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, მოუწევს ისეთი უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იქნება დიდი ფინანსური ზარალი და სერიოზულ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.
რუსეთს აქვს მაქსიმალური პოზიცია დაფიქსირებული. ძირითად მოთხოვნებია პირველ რიგში აშშ-სა და ნატოს მხრიდან დადასტურება, რომ უკრაინა ვერ და არ გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო.
მეორე – ევროპული ჯარების სამშვიდობო მისიით უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება კატეგორიულად მიუღებელია.
მესამე – ოკუპირებული ტერიტორიების როგორც რუსეთის სუბიექტების აღიარება, სადაც განლაგებულია რუსეთის ჯარი. საუბარია დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებზე.
პუტინის პოზიციაა, რომ უნდა მოხდეს ზელენსკის რეჟიმის დემონტაჟი. ის უნდა ჩამოცილდეს მართვას და სავარაუდო პუტინისთვის სასარგებლო კანდიდატი არჩეული.
ზელენსკიმ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა: უკრაინისთვის მისი ტერიტორიული საკითხი არის წითელი ხაზი და მსოფლიოშიც არავინ არ აპირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უარყოფას და მის რფ-ს შემადგენლობაში ცნობას. სხვათა შორის, ეს ეხება ყირიმსაც.
ზელენსკის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა ზედმეტია. ის ჩატარდება, როდესაც დასრულდება ომი და გაუქმდება კანონი საომარი მდგომარეობის შესახებ.
პარალელურად პარიზში გაიმართა ემანუელ მაკრონის შეხვედრა 30 ქვეყნის გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რათა გრძელვადიანად იქნეს უზრუნველყოფილი უკრაინის სტაბილურობა.
ამასობაში გამოკითხულთა უმრავლესობას სჯერა, რომ პუტინს არ სურს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და რომ ომი წელს არ დასრულდება და გაგრძელდება” .
ფოტო: quakerservice
abcnews