ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ დროისთვის „ომიკრონის“ 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. მისივე თქმით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს და ამ პირობებში, პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება მნიშვნელოვანია.
„ეპიდემიოლოგიური სურათი ბუნებრივია უაღრესად საყურადღებო რჩება, თუმცა, იმედისმომცემია ის კლების ტენდენცია, რომელიც გასული 2 კვირის განმავლობაში აღინიშნა გავრცელებულ „დელტა“ შტამთან მიმართებაში.
ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს. როგორც იცით, საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც „ომიკრონზეა“ საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება“, – აღნიშნავს გაბუნია.