LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის 68-ე დღე – ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

62
ხერსონი

ომის 68-ე დღე უკრაინაში. რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი მამაკაცი, კიდევ ერთი პირი დაშავდა. დაბომბვის შედეგად, ათზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ინფორმაციას გამოცემა censor ხარკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა საარტილერიო შეტევა განახორციელეს ფერმერული მეურნეობის წინააღმდეგ. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთით ფრონტის ხაზი ქალაქ კრივოი როგიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ხელმძღვანელებს ნიშნავენ და საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენენ, რათა საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია აღიარონ.

საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში. მედიის ცნობით, დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის ათი შეტევა მოიგერია. უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროების ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

ამ დროის მონაცემებით აზოვსტალის ქარხნიდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. გათავისუფლებულები დღეს ზაპოროჟიეში ჩავლენ.

დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ამ დროისთვის “აზოვსტალის” ქარხანაზე დარტყმები გრძელდება. დაბომბვები იყო ხარკოვის ოლქში. რუსული ჯარების იერიშს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 8 ადამიანი.

მსხვერპლი იყო ქალაქ ლიმანშიც, სადაც დაბომბვების დროს 4 ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები