29 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნიკოლოზ რაჭველი სტუმრობდა, რომელმაც 9 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე ისაუბრა.
– ბატონო ნიკოლოზ, მართლაც არაჩვეულებრივი კონცერტის გამართვას გეგმავს სიმფონიური ორკესტრი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. საინტერესოა, რა პროგრამით წარდგებით პუბლიკის წინაშე?
– რა თქმა უნდა, უამრავი საქველმოქმედო საღამო მოეწყობა ახლო მომავალში, რადგან ხელოვანებს მხოლოდ ასე შეგვიძლია უკრაინელების დახმარება. რეპერტუარის გათვალისწინებით, ვფიქრობ კონცერტი მართლაც ისტორიული იქნება, რადგან ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ სიმფონიური ორკესტრისთვის შექმნილი სამი უნიკალური ნაწარმოები შევარჩიეთ. მართალია, თითოეულს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ყველა ომის თემას ეხმიანება. ერთ-ერთის – ჩემი ავტორობით შექმნილი ნაწარმოების „რატომ?“ პრემიერა ჰამბურგში შედგა მრავალათასიანი პუბლიკის წინაშე. სხვათა შორის, ნაწარმოები კონცერტამდე ორი დღით ადრე დავწერე, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა მუსიკის ისტორიაში. ნამუშევარი ბესლანის იმ ბავშვებს მივუძღვენი, ვინც უმოწყალოდ გაიმეტა პუტინის რეჟიმმა სიკვდილისთვის. ამავე პერიოდს დაემთხვა არჩილ დათუნაშვილის საზარელი ისტორია, როცა ოსეთის მხარემ რუსეთის დავალებით უარი გვითხრა მისი ცხედრის გადმოცემაზე. კონცერტის დაწყებამდე სიტყვით მივმართე პუბლიკას და ხაზი გავუსვი პუტინის სისასტიკეს, რომელიც არავის ინდობს და ბავშვებსაც კი სწირავს საკუთარ რეჟიმს. მეორე ნაწარმოები – სიმფონია „ომის შესახებ“ უკრაინელ კომპოზიტორს ვალერი ანტონიკს ეკუთვნის, რომელიც მან 2008 წლის ომის შემდეგ მოგვიძღვნა მე და სიმფონიურ ორკესტრს. ვფიქრობ, ძალიან სიმბოლური იქნება ამ ნაწარმოების შესრულება, რადგან იმ მხარდაჭერას და თანადგომას დავუბრუნებთ ავტორს, რომელიც მან გამოგვიცხადა წლების წინ. ძალიან მომწონს, რომ ომზე შექმნილ ნაწარმოებს ემოციურად, თითქოს გამარჯვების ფინალი აქვს. მჯერა, რომ ამ ომში უკრაინა და მასთან ერთად ჩვენც გავიმარჯვებთ. მესამე ნაწარმოებად გია ყანჩელის „სევდის ანგელოზები“ შევარჩიეთ, რომელიც ავტორმა გიდონ კრემერის თხოვნით შექმნა, რამდენიმე წლის წინ ბერლინის ფილარმონიაში გამართული ანტიპუტინისტური კონცერტისთვის. აღსანიშნავია, რომ კონცერტში, რომელშიც ცნობილმა ვარსკვლავებმა პუტინის რეჟიმი გააპროტესტეს, კიევის გოგონათა გუნდიც მონაწილეობდა. ჩვენს კონცერტში კი, მაესტრო ყანჩელის ნაწარმოების შესრულებაში გორის გოგონათა გუნდი დაგვეხმარება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონცერტიდან შემოსული მთელი თანხა ხარკოველი მუსიკოსების ოჯახებს მოხმარდება. მიხარია, რომ ჩვენს წამოწყებას კერძო სექტორიც შეუერთდა, ბიზნესმენების გაღებული თანხა ბილეთების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს დაემატება და ერთიანად გადაეცემა მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება.