ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში პრობლემაა. ამას ქვეყნის პრემიერიც ადასტურებს. დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს პრობლემის დასაძლევად.
მისი თქმით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა ქვეყანაში გაიზრდება.
„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, ეს გახლავთ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფია ონკოდაავადებათა მკურნალობა, რადგან იქ მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ამ პროგრამის რვა ათასი ლარით გაზრდის გადაწყვეტილებას, რაც ფაქტობრივად თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს საკუთარი ჯიბიდან გადასახადების გარეშე“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის განცხადებით, დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.
„ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.