რამდენიმე დღეში საქართველოში ონლაინ კლინიკა ამოქმედდება და იმ პაციენტებს, ვინც დღემდე შინ მკურნალობას გადიან, გაუწევენ კონსულტაციას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული მოქალაქეების პატრონაჟს საკუთარ თავზე ჯანდაცვის სამინისტრო იღებს.
“ონლაინ კლინიკის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ პაციენტები, რომლებიც ვერ იღებენ ოჯახის ექიმიდან კონსულტაცია, მაგრამ მკურნალობენ ბინაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ თავზე აიღო მათზე პატრონაჟი და ჩვენ ვაწარმოებთ ამ საქმეებს”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 4 000-მდე საწოლია მობილიზებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსი უკვე მოძიებულია. მინისტრის განცხადებით, ზამთრის თვეებში ეპიდსიტუაცია უფრო საყურადღებო გახდება, ვინაიდან შემთხვევების ზრდას არ გამოირიცხავს. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ დროისათვის ჯანდაცვის სისტემა არსებულ ეპიდსიტუაციას უმკლავდება, ხოლო იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომელიც უკვე ჩართულია დაავადებასთან ბრძოლაში, აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი “ონლაინ კლინიკა” უკვე ერთი კვირაა, რაც სატესტო რეჟიმში მუშაობს, მისი ფუნქცია ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაა.