LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ-კლინიკა საჭირო კადრების ძებნას იწყებს

158

ონლაინ-კლინიკა ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში გაეშვება,  მანამდე კი ის 16-17 ნოემბრიდან საჭირო კადრების მოძიებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას”   იდეის ავტორმა და კლინიკის დამფუძნებელმა, არჩილ შველიძემ განუცხადა, შერჩეულ ექიმებს, ოპერატორებსა და სხვა თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგებიც ჩაუტარდებათ, ონლაინ კლინიკის ვებ-გვერდი კი 2 კვირაში ამოქმედდება.

მისივე ინფორმაციით, ინოვაციური პროექტი  სრულ სამედიცინო პაკეტს მოიცავს.

”ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ჩვენი მომხმარებელი ამომწურავ ინფორმაციას ონლაინ-რეჟიმში მიიღებს.  კლინიკაში დასაქმდებიან აბსოლუტურად ყველა პროფილის ექიმები, რომლებიც კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ პაციენტებს. ამასთან, მათ ვისაც დროის პრობლემა აქვს და ექიმთან მისვლას ვერ ახერხებს, მიღებაზე სასურველ კლინიკაში, სასურველ დროს ჩაწერენ”, – განმარტა შველიძემ და დასძინა, რომ ექიმების გარდა, ონლაინ კლინიკაში ოპერატორებიც დასაქმდებიან, რომლებიც ჩივილების მიხედვით, პაციენტებს შესაბამის სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაციაზე გადაამისამართებენ. გარდა ამისა, არჩილ შველიძე უცხოელი ტურისტებისთვის თარჯიმნის აყვანასაც გეგმავს.

”ვაპირებ დავასაქმო უცხო ენების სპეციალისტიც, რომელიც  ტურისტებს ნესბიმერი სამედიცინო კითხვის შემთხვევაში დაეხმარება. ჩვენი  მომსახურება განსაკუთრებით დიდი შვება იქნება ქართველი ემიგრანტებისთვის, რომელთა  ნაწილი უცხოეთში იძულებულია   თვითმკურნალობას მიმართოს. ისინი ამიერიდან ონლაინ-რეჟიმში ექიმებთან კონსულტაციის გავლასა და დანიშნულების მიღებას შეძლებენ ”, – აღნიშნა კლინიკის დამფუძნებელმა.

არჩილ შველიძის თქმით, გარდა სატელეფონო და ონლაინ მომსახურებისა, კლინიკა დისტანციურ მკურნალობასაც შეძლებს. ”მოლაპარაკებებს ვაწარმოებ უცხოურ კომპანიასთან, რომელისგანაც შევიძენ საჭირო აპარატურას იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ონლაინ ვაკონტროლოთ. მაგალითად, თუ ჩვენი კლიენტი სახლში გაიზომას წნევას, სიცხეს ან დიაბეტს,  მიღებულ შედეგებს ჩვენი კლინიკის ექიმები ონალინ, სერვერზე დაინახავენ”, – განაცხადა შველიძემ.

მისივე განმარტებით, კლინიკის მომსახურების სრული პაკეტი თვიურად 15-20 ლარი ეღირება, რაც დღიურად 50 თეთრი გამოდის. ემიგრანტების შემთხვევაში პროდუქტის ღირებულება არ შეიცვლება, თუმცა ისინი  დოლარში, ან ევროში გადაიხდიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g