ვალიდა დათეშიძე ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი მომღერლის – ბარბარა სამხარაძის დედა გახლავთ. ქალბატონ ვალიდას ბარბარას ბავშვობის, მისი ხასიათის, ინტერესებისა და განვლილი გზის შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ ესაუბრა.
ვალიდა დათეშიძე: უხერხულია მშობლისგან შვილის ქება, მაგრამ სამართლიანი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ბარბარა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. უწყინარი და კეთილი გოგო. ლაპარაკზე ადრე სიმღერა ისწავლა და ისე, უბრალოდ კი არ იმღერებდა, სიმღერას რომ დაასრულებდა, აუცილებლად აპლოდისმენტებით უნდა დაგეჯილდოებინა. ითხოვდა ტაში დამიკარითო, ოვაციები მოსწონდა (იცინის).
– პროფესიასთან დაკავშირებით თქვენ რა რჩევებს აძლევდით?
– მე ბარბარასთვის ტელეფონი არ მიყიდია. მისი და რომ სტუდენტი გახდა, სახარჯო ფულს ვაძლევდით და ის, თურმე, დანაზოგს აკეთებდა და ბარბარას დაბადების დღისთვის ტელეფონი აჩუქა. მე არ ვყიდულობდი, კეთილი ინებე, ყველა საგანში ტარდება სხვადასხვა კონკურსი, მონაწილეობა მიიღე, პირველი იყავი – ტელეფონსაც მოგცემენ, კომპიუტერსაც, წაგიყვანენ და გეტყვიან, დედასაც წაუღე საჩუქრები-მეთქი (იცინის). პროფესიასთან დაკავშირებით კი მე არ მიმიცია რჩევები, თვითონ გაიკვალა გზა.
– რამდენად ძლიერი გოგოა?
– ძალიან ძლიერია. მისი დაც ძალიან უმაგრებს ზურგს. ოპერაცია რომ გაიკეთა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც გამიმხილეს. მითხრეს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აპირებდა გაკეთებას. დედა ისეც ლოცულობს ყოველდღე ოჯახისთვის და შვილებისთვის, მაგრამ მართლა ქადაგად დავვარდი, ოპერაციის ამბავი რომ მითხრეს. როცა დამირეკეს, უკვე ყველაფერმა ჩაიარაო, რაც წინასწარ რამდენიმე თვე უნდა მენერვიულა, იმ საღამოს ერთბაშად ვინერვიულე (იცინის). ჩავლილ ოპერაციაზე რაღა იყო სანერვიულო, მაგრამ ძალიან განვიცადე, როგორ მომიფრთხილდნენ ჩემი შვილები და რამდენი რამ აიღეს თავის თავზე-მეთქი. ძლიერები კი არა, ორივე უძლიერესია. ძალიან კარგი დობა აქვთ და ბედნიერებაა დედისთვის ამის ყურება. ყველა დედას ვუსურვებ, შვილებისგან ის ბედნიერება გამოცადოს, რაც მე გამოვცადე ჩემი შვილების დამსახურებით.
