“ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და იქნება ავტომობილებით მსვლელობა, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც იმყოფება პოლიტპატიმარი ნიკა მელია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია მოხდა იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად არ გამოიყენონ.
ოპოზიციამ აქციები დროებით გადადო: “არ გვსურს ეს მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბი გახდეს”
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, 13 მარტს დაგეგმილი 20 მარტისთვის გადაიდო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება, ერთობლივად ოპოზიციის მიერ იყოს ორგანიზებული:
“13 მარტის ფართომასშტაბიანი აქცია, რომელიც ასევე იყო დაგეგმილი, გადავდეთ 20 მარტისთვის, იმიტომ რომ პრეზიდენტმა მიშელმა დააწესა კონკრეტულად ორი კვირა, ანუ მხარეებს პრაქტიკულად მისცა ორკვირიანი ვადა, იმისთვის, რომ ამ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე, რომელიც არის მოხსენებული იმ ჩარჩო დოკუმენტში, რომელიც მისი ავტორობით დაიდო მოლაპარაკებების მაგიდაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საპროტესტო ღონისძიება, რაც ჩატარდება, იყოს ორგანიზებული ერთობლივად ოპოზიციის მიერ”. – თქვა ბოკუჩავამ.