მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლოა, გადაწყვეტი აღმოჩნდეს. პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციას ვადას თებერვლის ბოლომდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ შეთანხმების ფანჯარა დაიხურება.
“თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ [100/50-ზე] შეთავაზებაზე… ოპოზიციის ნაწილს, რომლებსაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭრა და რაიმე იმედი, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებენ, მათი ერთადერთი ამოცანაა, დესტრუქცია და როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში”.- ამბობს არჩილ თალაკავაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციური პარტიები. გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის შემთავაზება 100/50-ზე საზოგადოების დაკვეთას არ პასუხობს, ამასთან, ბოკერიას თქმით, ცუდი სცენარისთვისაც მზად არიან და თუ არსებული სისტემა დარჩება ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში შესაძლოა, საერთო კანდიდატი წარადგინონ.
“ჩვენ ცუდი სცენარისთვისაც ვემზადებით. მოხდება ოპოზიციის კანდიდატების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ეს საჭირო იქნება პირველივე ტურში მოსაგებად, რათა ტრიუკი, რომელიც დაკავშირებული ძალადობასთან, მოსყიდვასთან, იყოს შეუძლებელი. შეუძლებელი იყოს წარმოჩენა ამ არჩევნების, როგორც ორ პოლიტიკურ ძალას შორის არჩევანის, რითაც ამომრჩევლის ნაწილს დატოვებს ან სახლში, ან ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური შიშებით გადაიბირებს. ეს აღარ მოხდება, რადგან მოხდება კოორდინირება იმ ოლქებში, სადაც ეს საჭიროა. იმ შემთხვევაში, თუ ამ სისტემას შეინარჩუნებს ივანიშვილი და ამ წნეხს საზოგადოებისგან თავისი ჭკუით გაუძლებს, მისთვის იქნება პოლიტიკურად ტრაგიკული. ჩვენ ამ ცუდი სცენარისთვისაც ვემზადებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიულობის განმსაზღვრელი იქნება – ევროკავშირი
„რა დროს ვადამდელი არჩევნებია, თებერვალი დადგა” – ირაკლი კობახიძე
საარჩევნო სისტემაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ეხმაურებიან. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციები და ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდება.
რაც შეეხება გია ვოლსკის პოზიციას. ის ვერ აკონკრეტებს არის თუ არა შესაძლებელი, რომ მმართველი გუნდი ამ ეტაპზე რაიმე დათმობაზე წავიდეს.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპლომატების ჩართულობით მოლაპარეკებათა ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. შეგახსენებთ, მმართველმა გუნდი ოპონენტებს ახალ სამოქმედო გეგმას სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.