საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიცია მმართველ გუნდს კონსენსუსის მიღწევისთვის საკუთარ წინადადებებს სთავაზობს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და “ქართულ ოცნებას” სამ პრინციპულ საკითხს უყენებენ, რაზეც დათმობაზე წასვლას არ გეგმავენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია, აღნიშნული პირობების დაცვის გარეშე, მმართველ გუნდთან დიალოგის წარმოების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„1. კონსესუსის მისაღწევად დიალოგის დაწყებამდე ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს მისსავე მიერ შემოთავაზებული, კონსტიტუციის რეფორმირების ის პოლიტიკური მოცემულობა და წინაპირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით;
2. ქართული ოცნების ხელისუფლებამ მზაობა უნდა განაცხადოს იმის თაობაზე, რომ საარჩევნო სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან, ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ განაწილების წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკების პროცესში ჩართულ სუბიექტებთან მიღწეული კონსესუსის შესაბამისად. რაც არსებითად, „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად – პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად გადანაწილებაში იქნება გამოხატული;
3. საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა: საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო ბლოკები და სხვა),საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მზად ვართ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სუფთა ფურცლიდან,“ – აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელ შემდეგი პარტიები აწერენ: “ახალი საქართველო”, “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “საქართველოს დემოკრატიული პარტია”.