“ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები უნდა შეუერთდნენ მმართველი გუნდის შეთავაზებას, რაც რეკომენდაციების ერთობლივ შესრულებას გულისხმობს და ამასთანავე უარი უნდა თქვან თავიანთ გეგმების განხორციელებაზე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით ოპოზიციისთვის უკეთესია, რომ დროულად აიღონ ხელი უცნაური გეგმის განხორციელებაზე, რომელიც რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას გულისხმობდა.
“ვიღაცას ხომ ვერ აიძულებენ ეს გააკეთონ. ამის ნაცვლად დროულად გამოეხმაურონ პოზიტიურად იმ შეთავაზებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ და რომელიც გულისხმობს, იმას რომ თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
უმრავლესობაში ასევე აღნიშნავენ, რომ რიგგარეშე სესიის მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია იყო და მათ კარგად იციან, რომ სესიის ჩატარება, სამართლებრივი თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, გამართლებული არ არის.
“ოპოზიციის მხრიდან დაინიცირება რიგგარეშე სესიის ჩატარების იყო წმინდა წყლის სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არც რეგლამენტით სამართლებრივად და არც პოლიტიკურად სწორი არ იქნებოდა ახლა რიგგარეშე სხდომის ჩატარება, თუმცა მათ ეს უნდოდათ იმისთვის, რომ საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების წინაშე წარმოედგინათ თითქოს და “ქართული ოცნება” არ ასრულებს იმ გეგმას, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა””, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გივი მიქანაძემ.