„ოპოზიციას საზოგადოებასთან ამბის მიტანის უნარი აქვს დაკარგული” – ასე უპასუხა თინა ხიდაშელმა რადიო “ფორტუნას” ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა საზოგადოება მზად ქუჩის აქციებისთვის.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ამისთვის ოპოზიცია საზოგადოებას პრობლემებზე ორიენტირებულ მიზეზს არ აძლევს.
“ საზოგადოება მზად არ არის ქუჩაში გასასვლელად, უფრო მეტიც ვერ ვხედავ, რომ დღევანდელ პრობლემებზე ორიენტირებულ მიზეზს აძლევს ოპოზიცია იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა გავიდეს ხალხი ქუჩაში.
ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საპატიმროში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ მასობრივად დაირაზმოს ხალხი და ქუჩას მიაშუროს. სრულიად ნათელია, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე ხალხი არ გამოდის ქუჩაში, ეს კარგია თუ ცუდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ.
სერიოზულ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ოპოზიციას უჭირს გააცნობიეროს ისეთი ელემენტარული ამბები, რომ დღის წესრიგი აქვს შესაცვლელი. ოპოზიციას უკვე ერთი წელია საზოგადოებასთან ამბის მიტანის უნარი აქვს დაკარგული”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა რადიო ფორტუნას გადაცემაში “დღის თემა”.