თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის წინ, ხალხი ნელნელა იკრიბება. ადგილზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილიც.
ოპოზიცია, ამ აქციით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებს აპროტესტებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.
აქციის მონაწილეები მობილიზებულები არიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ბანერებით.
აქციაზე გამოჩნდა კარტოფილიც, რომელიც საარჩევნო პროცესში ძალიან აქტიურად განიხილებოდა [ოპოზიცია ამბობდა, რომ ხალხის ხმები კარტოფილით მოისყიდეს] ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კარტოფილი სცენაზე აიტანეს.
როგორც პაატა დავითაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა საარჩევნო კოდექსის ცვლილებაა.
„ვითხოვთ, ვადამდელ საპარალამენტო არჩევნებს და საარჩევნო კოდექსის შეცვლას. ძველი კოდექსით ვერ ჩატარდება არჩევნები. ასევე, ვაპროტესტებთ იმას თუ რა ხარვეზებით ჩატარდა არჩევნები. ფაქტობრივად მოხდა არჩევნების მოპარვა,“ – განაცხადა დავითაიამ.
ლიდერებმა, აქციის დაანონსებისთანავე განაცხადეს, რომ ეს მშვიდობიანი პროტესტი იქნება, თუმცა შსს-მ გუშნ გაავრცელა განცხადება, რომ ადგილზე პოლიციის მობილიზება მოხდება.