PMC კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა კრიზისის განვითარების სამი შესაძლო სცენარი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება მოვლენების განსხვავებულ განვითარებას.
საბაზისო სცენარში მოიაზრება, რომ ეკონომიკა დიდწილად მოახერხებს დაუბრუნდეს ზრდის პანდემიამდელ, გრძელვადიან ტემპებს, თუმცა, პანდემიის გავლენა ჯერ კიდევ საგრძნობია. ეს სცენარი არ ითვალისწინებს შემდგომი ლოქდაუნის საჭიროებას, ითვალისწინებს ვაქცინაციის ვადებს, რომელიც შეესაბამება ამჟამინდელ გეგმას, და ასევე, მოიაზრებს ზაფხულის სეზონზე ტურიზმის ზომიერ აღდგენას.
ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა პანდემიამდელ ზრდის ტემპებთან შედარებით უფრო სწრაფად მოახერხებს აღდგენას. ეს სცენარი მოიაზრებს შესაძლო პოზიტიურ მოვლენებს, როგორიცაა: დაჩქარებული ვაქცინაცია გლობალური და ადგილობრივი მასშტაბით, რომელიც შესაბამისად ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის მოსალოდნელზე მეტად აღდგენას.
პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხებს პანდემიამდელი ზრდის ტემპის აღდგენას. ეს სცენარი გულისხმობს უარყოფით მოვლენებს, მაგალითად, გლობალური და ადგილობრივი ვაქცინაციის დაგვიანებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ტურიზმის სექტორის მოსალოდნელ აღდგენაზე. სცენარი, ასევე, ითვალისწინებს ვირუსის მესამე ტალღის შესაძლებლობას და შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებას.
განხილული სამი სცენარის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის თითოეულ სექტორზე ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლებელია 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზირება. საბაზისო სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 3.0%–ით გაიზრდება, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა 5.4%–ით გაიზრდება, ხოლო პესიმისტური სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელი ზრდა 0.3%–ია.