LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ოქროს ხანაში ვცხოვრობდით… ეს იყო ემოციით დატვირთული დაუვიწყარი დღეები” – ზაზა მამალაძე

18
zazamamaladzegvinoduduki

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალები ზაზა მამალაძე სტუმრობდა რამდენიმე სიმღერის „ყველა სათავისოდ“; „თოვს“ ;  „გულო ჩემო“ და „წითელფეხება მტრედებო“  პრემიერით. ზაზამ გაიხსენა ძველი დრო, ანსამბლი და მოვლილი ქვეყნები, სადაც ტარდებოდა კონცერტები. გადაცემის ბოლოს კი ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

როგორ ხარ ზაზა, როგორი იყო ეს პანდემიით გამოწვეული ორი წელი?

იქედან გამომდინარე, რომ პანდემიით გამოწვეული განვითარებული მოვლენები  დაეტყო გარემოს და მსოფლიოს, არც მე ვგრძნობდი თავს კარგად. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ცხოვრების რეჟიმი არ შემიცვლია. სიმღერა ძალიან დამეხმარა ამ ყველაფერში. ვიმუშავე რამდენიმე სიმღერაზე და ჩავწერე კიდეც.

უდიდესი ისტორიაა შენს უკან, თუნდაც ანსამბლი „თბილისი“ და „ტრიო თბილისი“.. რამდენად მარტივია კენტად ყოფნა?

მარტივი ნამდვილად არ არის. ნუგზარ აფხაიძის გარდაცვალების შემდეგ ერთი ცხოვრება დავასრულე, ის ჩემი განუყრელი ძმა იყო. მას შემდეგ არ მიქეიფია ისე, როგორც ნუგზართან ერთად ვქეიფობდი. სიბერეში დაწყებული კარიერა დავარქვათ ამ სიმღერას, რომელიც დღეს მოგიტანეთ. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

პირველი სიმღერა „არ მიყვარდა ერთი გოგო“, რომელსაც შეგვისრულებ ვის ეკუთვნის?

ეს გოგი ცაბაძის სიმღერაა, რომელსაც 50-60- იან წლებში სულიკო კოროშინაძე ასრულებდა.

რიგით პირველი სიმღერის „ყველა სათავისოდ“ პრემიერა.. როდის გაჩნდა იდეა, რომ შენებური ვერსია შეგექმნა?

ეს სიმღერა თემურ ნაცვლიშვილს, ყველაზე უსაყვარლეს ადამიანს ეკუთვნის. ხშირად ვუსმენდი რადიოში, სხვადასხვა ადამიანების შესრულებით და არცერთი არ მღეროდა სწორად. ბატონ თემურთან ბავშვობა მაკავშირებს, ის მამას მეგობარი იყო. ოჯახში, რომ მოდიოდა დაახლოებით 7-8 წლის ვიქნებოდი.  სიმღერაც იქედან მოყოლებული მახსოვს. გადავწყვიტე, რომ თემო ძიას წინაშე ვალი მომეხადა და სწორად მემღერა.

შეიძლება ითქვას, რომ მოვლილი გაქვს დედამიწა ქალაქური სიმღერით, ბოლოს კი ამერიკაში იყავი. მოგვიყევი ამის შესახებ..

ნიუ-იორკში  ჩემი პირველი გასვლა იყო მარტო. ვიყავი ქართველ ემიგრანტებთან, გულდამწვარ ადამიანებთან. ეს იყო ემოციით დატვირთული დაუვიწყარი დღეები. არ გავჩერებულვარ,  შევასრულე 37 სიმღერა. ერთ-ერთი კი იყო  სიმღერა „თოვს“ , რომელიც 60 წლის იუბილეზე მაჩუქეს. ჯერ არსად გაჟღერებულა, ამიტომ დღეს თქვენთან შედგება პრემიერა.  ანსამბლთან ერთად კი  3 000-ზე მეტი სოლო კონცერტი გვაქვს ჩატარებული. მოვიარეთ მსოფლიო, დავდიოდით ადგილობრივ მსმენელთან.

გაიხსენე პირველი ქალაქური სიმღერა, რომელიც შეასრულე..

პირველი ჩაწერილი სოლო სიმღერა იყო ავთო შარვაძის „მე და მთვარე“ 6-7 წლის წინ. მანამდე კი იყო „ტრიო“, მე და ჩემი ორი ძმის შესრულებით „აფრინდი დილის ნიავო“. დედა გვყავდა პედაგოგი, მანდედან დაიწყო ჩემი კარიერული აღმავლობა.

ერთ-ერთი ძველი სიმღერა „ხოხობი გორგასალისა“, რომელსაც შეგვისრულებ ვის ეკუთვნის?

ეს იყო ჩემთვის უსაყვარლესი კაცის სულიკო კოროშინაძის რეპერტუარიდან. სიმღერა არის იაშვილის.

რიგით მესამე სიმღერის  „გულო ჩემო“ პრემიერა, რომელიც გოგი ცაბაძეს ეკუთვნის..

ოქროს ხანაში ვცხოვრობდით. საოცარი სიმღერაა „გულო ჩემო“ , რომლის არანჟირების ავტორი ჩემი ძმა გახლავთ.  სიმღერების ჩაწერის იდეა, რომელიც დღეს მოგიტანეთ ოჯახურ გარემოში, ზოგიც სუფრაზე იბადებოდა. ეს სიმღერა მანამდე გიტარაზე მქონდა ჩაწერილი, ახლა კი ისევ გადავახალისე.

 ბარძიმაშვილის უნიკალური სიმღერა „წითელფეხება მტრედებო“ ბავშვობიდან მახსოვს, როდის გაჩნდა ჩაწერის იდეა?

ავთო შარვაძის და მურმან ლებანიძის ლექსზე შეიქმნა ეს სიმღერა. ჩემი და ავთოს ცხოვრება გადაჯაჭვული იყო. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, რომ მისი ხსოვნისთვის უნდა ჩამეწერა.  ერთი ამოსუნთქვითაა ნამღერი, იმდენად მინდოდა შემესრულებინა.

და ბოლოს როგორია შენი სამომავლო გეგმები?

შემოდგომაზე ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო, თუმცა პანდემიის გამო დროებით შეჩერებულია. მინდა რამდენიმე სიმღერის ჩაწერა, ერთი დისკი უკვე მზად მაქვს. მსოფლიო შეჩერებულია, თუმცა იმედია მალე ყველაფერი კარგად იქნება.

 

ზაზა მამალაძე – ყველა სათავისოდ

 

ზაზა მამალაძე – თოვს

 

ზაზა მამალაძე – გულო ჩემო

 

ზაზა მამალაძე – წითელფეხება მტრედებო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ზაზა მამალაძე – არ მიყვარდა ერთი გოგო. Live

 

ზაზა მამალაძე – ხოხობი გორგასალისა. Live

 

ზაზა მამალაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g