LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ოქროს სეზონი საოცრად რომანტიკული და ამაღელვებელია” – ფილმები საშემოდგომო განწყობით

9146
#სტუმრადვარსკვლავთან

მართალია, რთულია ენერგიულ, ხალისიან ზაფხულთან დამშვიდობება და პასიურ, ცოტა ნაღვლიან შემოდგომას შეგუება, მაგრამ სწორედ მელანქოლიური განწყობა შთააგონებს რეჟისორებს საუკეთესო ნამუშევრების შექმნაზე.

,,გვიანი შემოდგომა” (LATE AUTUMN, კიმ ტჰე ენი, 2010) – სამხრეთ კორეელი რეჟისორის აზიური ესთეტიკით შექმნილი ამერიკული დრამა “გვიანი შემოდგომა” საოცრად ნაღვლიანი და სიტყვაძუნწი ფილმია, რომელშიც მთავარი არა დიალოგი და მოქმედება, არამედ მზერა, ემოცია და რა თქმა უნდა, საშემოდგომო განწყობაა, რომლის ფონზე ორი აბსოლუტურად უცნობი, თუმცა სამყაროსგან ერთნაირად გაუცხოებული ადამიანის ხანმოკლე, თუმცა ნამდვილი სიყვარულის ისტორია ვითარდება.

,,გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული” (Spring, Summer, Fall, Winter and Spring, კიმ კი დუკი) – აზიური კინოს კიდევ ერთ შედევრში – ფილოსოფიურ იგავში კიმ კი დუკმა ბუდისტ ბერზე მოუთხრო მაყურებელს, რომელიც მთელ ცხოვრებას სამყაროსგან მოწყვეტილ მდინარეზე მცურავ ქოხში ატარებს და ჯერ თვითონაა მოსწავლე, მერე თავად ხდება მასწავლებელი.  ბერის ცხოვრებაში, რომელიც თავად რეჟისორმა განასახიერა, წელიწადის დროების მსგავსად ენაცვლებიან ერთმანეთს სიყვარული და სიძულვილი, სისასტიკე და სინანული, მერე კი წრე იკვრება და ყველაფერი თავიდან იწყება. თუმცა ამჯერად, გამოცდილებით დამძიმებულ ბერს ჰყავს მოსწავლე, რომელსაც ჭეშმარიტ ფასეულობებზე მოუთხრობს, გამოცდილებას უზიარებს და თითქოს თვითონ ცდილობს ერთხელ გავლილი გზის, მეორედ თუმცა ახლა უკვე შეცდომების გარეშე გავლას.

,,შემოდგომის ლეგენდები” (Legends of the Fall, ედვარდ ცვიკი) – ჯიმ ჰერისონის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია სამი ძმის და მათ ცხოვრებაში მოულოდნელად შემოჭრილი ახალგაზრდა ქალის რომანტიკული ისტორიაა, რომელიც სამივეს თავგზას უბნევს. ველურ დასავლეთში ლაღად გაზრდილ ძმებს წარმოდგენაც არ აქვთ რამდენ განსაცდელს უმზადებს ცხოვრება, თუმცა პირველი მსოფლიო ომის საშინელებას და დაღუპულ ძმას, სიყვარულსა და ღალატს, იმედგაცრუებას და სასოწარკვეთას თითოეული თავისებურად განიცდის. ფილმს ფონად არაჩვეულებრივი პეიზაჟები და მუსიკა მიჰყვება, რომელიც უფრო მეტად აძლიერებს ნაღვლიან ატმოსფეროს, თუმცა შემოდგომა ამ შემთხვევაში არა იმდენად წელიწადის დროა, რამდენადაც ადამიანის მოწიფულობის, დაღვინების სიმბოლო.

,,შემოდგომა ნიუ-იორკში” (Autumn In New York, ჯოან ჩენი) – ჯოან ჩენის მელოდრამა კიდევ ერთხელ ამტკიცებს რამდენად ძვირფასია საყვარელ ადამიანთან გატარებული ყოველი წუთი. მართალია, ოქროს სეზონი ნიუ-იორკში საოცრად რომანტიკული და ამაღელვებელია, მაგრამ სწორედ ის იქცა უილ კეინისა და შარლოტა ფილდინგის დაშორების სიმბოლოდ. კრიტიკოსების უკმაყოფილების მიუხედავად, რომელთაც ჩენის ნამუშევარი დაუწუნეს, რიჩარდ გირისა და უაინონა რაიდერის დუეტი კი “ოქროს ჟოლოს” პრემიისთვის “გასწირეს”, მაყურებელმა არა მხოლოდ მოიწონა ფილმი, არამედ 2000 წლის საუკეთესო მელოდრამადაც დაასახელა.

,,ტკბილი ნოემბერი” (Sweet November, პეტ ო’კონორი) – მართალია, ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს შემოდგომაზე შექმნილი ფილმები არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ სინამდვილეში ყველას თავისი განწყობა აქვს და სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნიან ეკრანზე. საშემოდგომო ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პეტ ო’კონორის “ტკბილი ნოემბერი”, რომელმაც სან-ფრანცისკოს გვიანი შემოდგომის ნაღვლიანი სიყვარულის ისტორია მოუთხრო მაყურებელს და ამერიკული რომანტიკული კინოს კლასიკადაც იქცა.

 

mazda magti 5g