ფინანსურ ბაზარებზე ძვირფასი ლითონების ფასებმა მკვეთრი რყევა განიცადა. 30 იანვარს ვერცხლისა და ოქროს ღირებულება ერთდროულად დაეცა, რაც ამ სეგმენტისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე აღმოჩნდა.
ვერცხლის ფასი ერთ დღეში დაახლოებით 36%-ით შემცირდა, რაც პრაქტიკულად ისტორიულ ანტირეკორდად ითვლება, ხოლო ოქრომ 12%-იანი ვარდნა აჩვენა – ყველაზე დიდი კლება ბოლო 40 წლის განმავლობაში.
ბოლო თვეების შეჯამებით ძვირფასი ლითონები სტაბილურად ძვირდებოდა. გეოპოლიტიკური დაძაბულობა, სამხედრო კონფლიქტები და აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა ინვესტორებს აიძულებდა, კაპიტალი „უსაფრთხო აქტივებში“ გადაეტანათ. სწორედ ამ ფონზე ოქრო და ვერცხლი რეკორდულ ნიშნულებს მიუახლოვდა.

თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის პოსტზე კევინ უორში წარადგინა. ბაზრებმა ეს გადაწყვეტილება აღიქვეს როგორც უფრო პროგნოზირებადი და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის სიგნალი, რამაც ძვირფას ლითონებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა.
მიუხედავად მკვეთრი ვარდნისა, პანიკური გაყიდვები ხანმოკლე აღმოჩნდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ოქროს ფასი უკვე მომდევნო სესიაზე ზრდის ტრაექტორიას დაუბრუნდა, თუმცა ვაჭრობა კვლავ არასტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ექსპერტების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ძვირფასი ლითონების ბაზარი კვლავ მაღალი მერყეობით გამოირჩევა, თუმცა გრძელვადიანად ოქრო მაინც ინარჩუნებს სტრატეგიული აქტივის სტატუსს – განსაკუთრებით გლობალური ეკონომიკური რისკების ფონზე.
