ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა გაზრდილია. ლარის გაუფასურების მიუხედავად, მომხმარებელი ამ მიმართულებით გააქტიურებულია.
ოქროსა და ბიჟუტერიის სამკაულების მაღაზიათა ქსელის ”დელფოსის” პიარ მენეჯერის თქმით, ”დელფოსმა” ოქროს ნაკეთობების ღირებულება დოლარში გადაიყვანა, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია.
”რადგანაც ვართ იმპორტირებული პროდუქცია და ეს არის იტალიური ოქრო და ბიჟუტერია, შესაბამისად, მარკეტინგულად ასე გავთვალეთ, რასაც მომხმარებელი ნამდვილად არ დაუფრთხია. ისინი იხდიან ეროვნული ვალუტით, დოლარის ეკვივალენტს ლარში. საერთო ჯამში, ფასები არ გაგვიზრდია. ამ ყველაფერს ვუქვემდებარებთ სწორ მარკეტინგულ გათვლებს. ვერ ვიტყვით, რომ მომხმარებელი შეგვიმცირდა, პირიქით მომატებულია, როგორც ოქროზე ასევე თეთრ ოქროზე. ჩვენი ნავაჭრი ყოველწლიურად იზრდება” – განუცხადა ”ფორტუნას” ”დელფოსის” პიარ-მენეჯერმა მარიამ ღუღუნიშვილმა და აღნიშნა, რომ ”დელფოსის” მაღაზიებში ოქროს ნაკეთობებეზე ფასი 80 დოლარიდან იწყება და ნაკეთობის სირთულია და ძვირფასი ქვების შემადგენლობის მიხედვით იცვლება.
ფასები არც საიუველირო კომპანია ”ზარაფხანას” გაუზრდია. აქ ოქროს ნაკეთობებზე ფასები 350 ლარიდან იწყება. პრემიუმ-კლასის კოლექციაში შემავალი ნაკეთობების ფასი კი 1000-დან 10 000 ლარამდე მერყეობს.
”გასულ წელს გვქონდა პროდუქციის გადაფასება, როცა დავინახეთ, თუ როგორი მდგომარებით ვითარდებოდა ვალუტის კურსი. მაშინ ფასმა თითქმის ყველა პროდუქტზე მოიმატა. უკვე დიდი ხანია, ფასები გვაქვს იგივე. მომხმარებელი არ შემცირებულა, მოთხოვნა კი სტაბილურია” – ამბობს ”ზარაფხნას” მარკეტინგის მენეჯერი თამთა გველესიანი.
მომხმარებელი მოემატა ”ოქროს ბირჟად” წოდებულ ოქროს სავაჭრო ცენტრსაც. ოქროთი მოვაჭრე მერი დევდარიანი ”ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ ზაფხულის შემდეგ ბაზარი კიდევ უფრო გამოცოცხლდა. შეინიშნება კლიენტურის მატება.
ბაზარზე 958 სინჯი 1 გრამი ოქროს ნაკეთობის ღირებულება 89 ლარია. ამავე სინჯის ოქროს, ე.წ. ჯართის ფასი კი 85 ლარია.
