ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ – თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შედის.
ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.
სარჩელი საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გია ზედელაშვილმა და ოქრუაშვილის წარმომადგენელმა ანა რეხვიაშვილმა.
„შეგვაქვს სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ყადაღის დადებაზე, გუშინ ქიბარ ხალვაში მიერ რეესტრში დარეგისტრირებული “რუსთავი 2”-ის წილებზე. ეს არის მოთხოვნა, ყადაღის თაობაზე, სარჩელს შევიტანთ მომდევნო კვირაში და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისთვის „რუსთავი 2“-სთვის გადაცემის მოთხოვნა. ამის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაიდო, 2010 წელს ქალაქ ბერლინში, ეს არის ყველაფრის საფუძველი, რომ ჩვენ არა მარტო ყადაღა დავადოთ წილებს, დავიბრუნოთ ეს ქონება.
2004 წელს გვახსოვს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა “რუსთავი 2”-ის 100%, მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.
არავისთვის უცხო არ არის, რომ ქიბარ ხალვაში არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის, არამედ სხვა ბიზნესშიც წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს.
დღეს ბევრია საუბარი იმაზე, რომ ეს დოკუმენტები ყალბია, ამას ამბობს პაატა სალიაც, რომელიც რა თქმა უნდა ტყუის, არსებობს დადასტურებული მტკიცებულება სამი ექსპერტისა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტისა, რომ ეს არის ნამდვილი, ასევე ჩანიშნულია ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც არ ცხადდება ბატონი ხალვაში“, – ამბობს პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა რეხვიაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, გია ზედელაშვილი ამბობს,რომ ამ დოკუმენტების მიხედვით დასტურდება, რომ “რუსთავი 2”-ის წილი შეძენილი იქნა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელით. ასევე დასტურდება, რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და არა ქიბარ ხალვაშს.
ასევე, როგორც ადვოკატი განმარტავს, ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე მოეხდინა რაიმე საქმიანობა “რუსთავი 2”-თან მიმართებაში და თუ ამ პირობას დაარღვევდა ის ვალდებულია ირაკლი ოქრუაშვილს გადაუხადოს 7 მილიონი დოლარი. ადვოკატი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშმა ეს პირობა დაარღვია.