LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოქრუაშვილს არ დავინდობ, მოიხდის წუთი წუთზე სასჯელს” – სოსო რობაქიძე

142
pjimage

ბუტა რობაქიძის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის პროცესი გაიმართა.

სასამართლო პროცესს, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევითა და მოწმეების, მათ შორის ბუტას მამის, სოსო რობაქიძის დაკითხვით გაგრძელდა, არ ესწრებოდა ირაკლი ოქრუაშვილი.

პროცესზე სოსო რობაქიძემ შვილის მკვლელობის გარემოებებსა და ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადეიშვილმა და ოქრუაშვილმა საქმე გააყალბეს და იარაღის ჩადების ბრძანებაც გასცეს.

“ბოდიშს მაშინ იხდიან, როცა უჭირთ. ოქრუაშვილი რომ გამოვიდეს, დღესაც აღიაროს, იქნებ რამე ეშველოს, მაგრამ არ იტყვის, მაგის კაცი არაა… ბუტა ისეთი ბავშვი იყო, 10-11 საათზე სახლში იყო, მორიდებული ბიჭი იყო, ვარჯიშობდა, სწავლობდა. ბიჭებმა გამოუარეს, დიღომში დატოვეს… 10-ს აკლდა წუთები, იამ რომ დამირეკა, ბუტა არაა სახლში მოსულიო. ჩავედი კეკელიძის ქუჩაზე და ვნახე, რომ რაღაც თავშეყრა იყო. ნიღბიანი პირებიც იყვნენ. ავედი სახლში და კარზე აბრახუნებენ ძლიერად. როდესაც შემოვიდა გამომძიებელი, რამდენიმე ნიღბიანი შემოყვა. დაიწყეს ჩხრეკა, ამოაყირავეს მთელი სახლი, მე არც ვიცოდი თუ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო. დავურეკე პოლიციის უფროსს, დათო იაშვილს და ვეკითხები რა ხდება, რატომაა ჩხრეკა-მეთქი, მითხრა საჭიროაო და ყურმილი დამიკიდა. მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა ბუტა დაჭრილია და საავადმყოფოშიაო. ერთი ვიცი, რომ დაჩეხილი იყო ჩემი შვილი და სიმართლე არ თქვა არავინ. მე როდესაც 11 თვის შემდეგ გამატანეს ჩემი შვილის “კურტკა”, ჩემთვის დამთავრდა გამოძიება და რომ ამბობენ ბაშალეიშვილს გაუვარდაო. ამ კასეტას დონაძე დიდი ხანი მალავდა. ერთი რამ მიკვირს, ორი წელი დამნაშავეს ეძებდნენ და პოლიციელმა, რომელმაც ტაბელური იარაღით მოკლა ჩემი შვილი, ცხრა თვე პოლიციაში ამუშავეს. დაბლოკილები ვიყავით, გვაფურთხებდნენ, არავინ არ გვაშუქებდა. ბაშალეიშვილმა როცა გაისროლა და მოკლა, იმ წუთშივე უნდა დაედოთ ხელბორკილი. 24 ნოემბერს, გამთენიისას, როდესაც ბუტა მოკლეს, ადეიშვილისა და ოქრუაშვილის კვალი იკვეთება. მათ აქვთ დანაშაულის გაყალბების, იარაღის ჩადების ბრძანება და ასე შემდეგ. ბუტა ბანდიტად იმიტომ გამოიყვანეს, რომ არ შელახულიყო პატრულის იმიჯი, ნულოვანი ტოლერანტობა, ხელი არ აგიკანკალდეთ და ასე შემდეგ. რეჟიმი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში იყო, გასასამართლებელია და ასევე, გასასამართლებელია ის ხალხი, რომლებიც აყალბებდნენ ყველაფერს. რაც შეეხება იმას, რომ ოქრუაშვილი ახლა ამბობს, თითქოს არაფერი ჩვენება არ არის, ტყუილია. ეს ჩვენებები არის და მაქვს დისკზე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა 10 თუ 15 წელი ჩაჯდება ადამიანი ციხეში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღიარონ დანაშაული. თუმცა, ოქრუაშვილს ამაში არ დავინდობ, მოიხდის წუთი-წუთზე სასჯელს”, – განაცხადა რობაქიძემ.

ჩვენების მიცემის დროს სოსო რობაქიძე შეუძლოდ გახდა, მას მედიკოსების დახმარება არ დასჭირვებია და მოგვიანებით მისი დაკითხვა კვლავ გაგრძელდა.

როგორც სოსო რობაქიძემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, მისი მთავარი მოთხოვნა საქმეში მონაწილე ყველა პირის მაქსიმალურად დასჯაა.

“მე, როგორც დაზარალებულად ცნობილი, მოვითხოვ ამ ხალხის მაქსიმალურად დასჯას. დანარჩენ შემთხვევაში, მე ამას გავასაჩივრებ. მამაჩემმა ზუსტად მაგიტომ დაიწყო ბრძოლა, რომ დაემტკიცებინა, ჩემი შვილიშვილი ბანდიტი არ არისო. თურმე ჩემი შვილი ბანდიტია, ეს ყველაფერი რომ არ გამოუვიდათ, მაგიტომ გააკეთეს, მოდი, ბუტას მკვლელი დავსაჯოთ გავარდნაზეო. ავტომატი, რომელიც ჩემს შვილს ჰქონდა დამაგრებული, სად წაიღეს. რა, ირაკლი ოქრუაშვილმა არ მოახდინა ჩვენი შეურაცხყოფა? თურმე საფრანგეთში ვიყავი და ფული მომითხოვია? ეს კაცი არის მატყუარა. კაბინეტში მითხრა ირაკლიმ (წერეთელი), მაყალბებინებენ, რა ვქნაო და დამისახელა ოქრუაშვილი, დონაძე, ადეიშვილი. ბოლო შეხვედრაზე, სადაც მძიმე საუბარი გვქონდა, მითხრა, ჩემი საქმის მე ვიციო. რაც შეეხება გამომძიებელ მიქაბაძეს, ადეიშვილთან როცა იყო შეხვედრაზე, იქ თქვა ადეიშვილმა, ოქრუაშვილი რასაც იტყვის, ის გააკეთეთო. მიქაბაძეს ბევრჯერ უხსენებია ოქრუაშვილი. უშუალოდ დამავალაო, ეგ ვერ იტყოდა, მის დაქვემდებარებაში არ იყო”, – განაცხადა რობაქიძემ.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენეს.მათ გამოძიება მტკიცებულებებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g