სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10% იყო.
“2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში,”- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია.
