2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტს მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია.
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა კი ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.3%-ით განისაზღვრა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (26.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (22.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), თევზეული (12.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.4 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7 პროცენტი).