LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი ახალგაზრდა კართან იყო გარდაცვლილი… გარდაცვლილია 25 წლის ქართველი გოგონა, მიმტანად მუშაობდა“ – გუდაურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

542
Untitled design

გუდაურში ტრაგედია დატრიალდა. 12 ადამიანის ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს.

გარდაცვლილებიდან 11 უცხო ქვეყნის, ინდოეთის მოქალაქეა, ხოლო ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა ქართველია, 25 წლამდე ასაკის. ის ინდურ რესტორანში მიმტანად მუშაობდა.

„გუდაურში მდებარე ინდურ რესტორანში ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი“ – შსს-ს განცხადება

როგორც ირკვევა, ინდოეთის მოქალაქეს ახალი გუდაურის ასასვლელთან მარსაგიშვილების კერძო სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც პირველ სართულზე იყო ინდური რესტორანი „ჰაველი“, მეორე სართულზე კი – რესტორნის თანამშრომლების მოსასვენებელი ოთახები, სადაც ღამით ეძინათ. სწორედ მეორე სართულზე დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია.

„კერძო სახლია, რომელიც ეკუთვნის მარსაგიშვილებს, მათ მთლიანად ჰქონდათ გაქირავებული. პირველ სართულზე იყო ეს რესტორანი და მეორეზე – საძინებელი ოთახები. წუხელ საშინელი ქარიშხალი და სიცივე იყო, ამიტომ გაითიშა ელექტროენერგია გუდაურში. როგორც ირკვევა, მათ გენერატორი შიდა სივრცეში შეიტანეს და მთელი ღამე ამუშავეს. საუბედუროდ, გამონაბოლქვით არიან გარდაცვლილები, ვერც ერთმა ვერ შეძლო გარეთ გასვლა.

დილით, ჩვეულებრივ, პროდუქტებით დატვირთული მივიდა მამაკაცი, რომელიც ამ რესტორნის მფლობელია – ფართი ჰქონდა დაქირავებული და ამუშავებდა, არც ერთი თანამშრომელი რომ არ დახვდა რესტორანში, ეტყობა, მოიკითხა ისინი, ავიდა მეორე სართულზე, სადაც მათ ეძინათ და იქ მისულს ეს საშინელი სურათი დახვდა. ორი ახალგაზრდა კართან იყო გარდაცვლილი, ხოლო დანარჩენები თავიანთ საძინებელ ოთახებში ნახეს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სახლის მეპატრონეც, სამწუხაროდ, 12-ვე გარდაცვლილი იყო. ეს არის უბედური შემთხვევა და გამოწვეულია იმით, რომ თვითონ სახლის შესასვლელში ედგათ გენერატორი. ეტყობა სციოდათ და დენის გამათბობელი ამ გენერატორზე ჩაურთავთ, გაუღიათ ოთახების კარები, ალბათ იფიქრეს, რომ ასე გათბებოდნენ და საუბედუროდ, გამონაბოლქვით მოიწამლნენ.

ორმა მათგანმა ეტყობა თავი ცუდად იგრძნო, გაიღვიძეს, მაგრამ ვერ მოასწრეს კარის გაღება და გარეთ გამოსვლა. თითქმის გარეთა კართან იყვნენ მისულები და იქ იყვნენ გარდაცვლილები. გულიც აერიათ ინტოქსიკაციის შედეგად.

ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ძალიან ვწუხვართ და თანავუგრძნობთ მათი ოჯახის წევრებს. ყველა გარდაცვლილი ახალგაზრდაა, ასაკოვანი არავინ იყო. მათ შორის ერთი გოგონა ქართველია, 25 წლამდე ასაკის. მიმტანად მუშაობდა. გარდაცვლილებს შორის არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

თავიდან ითქვა, რომ თითქოს გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. იმ სახლის შიდა სივრცეში არაა დამონტაჟებული არც გენერატორი, არც გაზის „კალონკა“, არაფერი მსგავსი. სახლს აქვს ცალკე საქვაბე, თუნდაც იმ საქვაბეში რომ ჩაერთოთ ეს გენერატორი, რადიატორები ამუშავდებოდა და ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გენერატორის სახლში დამონტაჟება და ჩართვა კატეგორიულად არ შეიძლება.

12 ადამიანიდან ერთმა მაინც როგორ არ იცოდა, რომ ეს არ შეიძლება.

ასეთი ტრაგედია ამიტომ დატრიალდა. ყველა ოთახის კარი ღია იყო, გენერატორზე დენის გამათბობელი შეაერთეს და წესით ასე თბებოდნენ და სინამდვილეში, ამ გამონაბოლქვით მოიწამლნენ, მოხდა ინტოქსიკაცია და ყველა ადგილზე დაიღუპა“,- ამბობს ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები და სამართალდამცავები. ექსპერტიზა ჩაუტარდება ცხედრებს, რის შემდეგაც მათი გადასვენება ინდოეთში მოხდება. როგორც გვითხრეს, რამდენიმე მათგანი საქართველოში სასწავლებლად იყო ჩამოსული და სწავლის პარალელურად, მუშაობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g