გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალების” სტუმარი მომღერალი დავით გომართელი და მისი ქალიშვილი დარია იყვნენ, მამა-შვილი „არ დაიდარდოს” ორი ახალი სიმღერის პრემიერით ეწვია, მომღერალმა გადაცემის ფარგლებში მსმენელს ცოცხალი შესრულებაც შესთავაზა და სამომავლო გეგმებიც გაანდო.
დათო, უამრავი შენი სიმღერა გვაქვს ბაზაში, ყველა სიმღერას თავისი ისტორია აქვს?
სიმღერა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება წარმატებული, თუ მას რაღაც ბუნებრივი ისტორია გააჩნია, ნამდვილ განცდებთან და ცხოვრებისეულ დღეებთან არის კავშირში, ასეთი სიმღერა ყოველთვის ხდება ჰიტი. ფუჭი, მოგონილი, ტყუილი ემოციები და ვითომ განცდა არა მგონია წარმატებული გამოვიდეს. სიმღერა, სადაც ადამიანური განცდებია ჩადებული. სიხარული იქნება, სიყვარული, ცრემლი თუ სინანული თითოეულ მათგანს მსმენელი იღებს ისე, როგორც არის, ყველა ადამიანები ვართ და ეს განცდები საკუთარ თავში გვაქვს განცდილი, სიმღერასაც ვგებულობთ ისე, როგორც ავტორის მიერ არის შექმნილი და მომღერლის მიერ გადმოცემული.
„ქართული ეთნო კოდი” დათო მალაზონიას სიმღერებით შექმნილი პროექტი, რა განცდა იყო ამ ნოვატორულ ამბავთან შეჭიდება?
თვითონ სახელწოდება, როგორც ალბომის ასევე კონცერტის, გადმოსცემს ჩვენს ეთნო კოდს. ფოლკლორი და ხალხური ფესვები, რაც ქართულ სიმღერას გააჩნია, ეს არის ჩვენი უდიდესი სიმდიდრე, განძი. ეს ეთნო კოდი ჩვენ ყველას გვაქვს სისხლში, როგორი თანამედროვე სიმღერაც არ უნდა შევასრულოთ. თუ იმ ქართულ ძირზე, ფოლკლორზე არ ვართ გაზრდილი, ყველაფერი ტყუილია. ზუსტად იმ ქართული სიმღერის და ფოლკლორის კოდის გამოძახილი იყო ეს ალბომი, რომელიც ჩემს სისხლშია. ვინმეს თუ ოდესმე ეჭვი შეეპარება დათო გომართელის პროფესიონალიზმში, შეუძლია ეს დისკი თავიდან ბოლომდე მოისმინოს ან კონცერტი ნახოს.
დათო, შენ ორი ახალი სიმღერის პრემიერით გვეწვიე დღეს და ორივე მათგანი მოხვდება მუსიკალურ დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღაზე”…
„ოქროს ტალღა” ეს თქვენი ჰოლდინგის მხრიდან ძალიან დიდი ნაბიჯია, ასეთი კონკურსები და დაჯილდოებები საჭიროა იმისათვის, რომ ქართული სიმღერების, კომპოზიტორების, სტუდიების, პოეტების და მომღერლების ცხოვრება გაგრძელდეს. დიდ საქმეს აკეთებთ და წარმატებას გისურვებთ. რაც შეეხება ჩემს სიმღერებს, ერთ-ერთი მათგანი რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ლექსი ირინა სანიკიძის არის, ცოცხალი შესრულებაა, შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებულია ჩემი რეპერტუარისგან, მაგრამ მე მომწონს ძალიან, მოისმინოს მსმენელმაც და შემდეგ უკვე ოქროს ტალღაზე გააკეთოს თავისი არჩევანი. თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში ჩაიწერა, მასტერინგი საზღვარგარეთ გავაკეთე, ჩემი ყველა სიმღერის მასტერინგს საზღვარგარეთ ვაკეთებ.
ახლახანს დაბრუნდი გასტროლიდან, მოგვიყევი ამის შესახებ…
მალტაში შედგა „ხმელთაშუა ზღვის ფონდის” ფორუმი, ტურისტული სფეროს წარმომადგენელია ეს ფონდი და მისი ეგიდით ჩატარდა ხმელთაშუა ზღვის მუსიკოსების გალა კონცერტი, სადაც მეც ვიყავი მიწვეული და ცოცხალი ორკესტრის თანხლებით ორი სიმღერა შევასრულე. სექტემბერში უკვე ფესტივალი იგეგმება მალტაში და მას საკონკურსო ხასიათი ექნება, „რადიო იტალიას” ეგიდით გაიმართება.
რას უნდა ელოდოს ქართული მსმენელი უახლოეს მომავალში დათო გომართელისგან?
ძალიან მალე მსმენელი და მაყურებელი ნახავს ახალ ვიდეორგოლს დათო ევგენიძის სიმღერაზე, რომელსაც ჩვენ ყმაწვილ კაცობაში ვმღეროდით. ეს ისეთი სიმღერაა, რომელსაც ყოველთვის დადებითი ემოციები მოაქვს. „სუსტი ხელები” ასე ქვია, მაგრამ ჩვენ ვეძახდით „სუპები და ფაფები”, ისტორია ასეთია, შატალოზე წასვლა ვისაც უნდოდა, დილის 9 საათზე ვიკრიბებოდით ფილარმონიასთან, დიდი რკინის სანაგვეები იდგა, სადაც ვყრიდით ჩანთებს, რადგან ჩანთით სიარული არ შეიძლებოდა, იკითხავდნენ ბავშვები სკოლაში რატომ არ ხართ და ა.შ. შატალოზე მივდიოდით რომელიმეს სახლში ან აგარაკზე და საოცარ დღეებს ვატარებდით ერთად. ამ ისტორიების და შეკრებების სიმღერაა ეს, იმ პერიოდში დაიბადა, ევგენიძემ დაწერა. მე, გეგა კობახიძე, დათო ევგენიძე და ირაკლი ჩარკვიანი ვმღეროდით, დროს ვატარებდით გოგოებთან ერთად, ჩვენ 15-16 წლის ბიჭები ვიყავით და ბევრი ჩვენზე უმცროსი შეყვარებული გოგონა გვყავდა, დათომ მოიფიქრა ასეთი ტექსტი „ბავშვები, სუპებით, ფაფებით…” ანუ ასაკით პატარები იყვნენ ეს გოგონები და ჯერ კიდევ სუპებს და ფაფებს ჭამდნენ. ასევე ჟღერს ასეთი ტექსტი „მუზასთან გველიან” ფილარმონია, ეს ჩვენი შეკრების ადგილი იყო. „სუსტი ხელები ანუ სუპები და ფაფები” ასე ქვია ამ სიმღერას, რომლის კლიპის პრეზენტაციას ძალიან მალე გავმართავთ, კლიპის რეჟისორია რეზიკო გიგინეიშვილი, რომელმაც ჩემი „მამა აფრიკა” გადაიღო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე არ მიყვარს გეგმებზე წინასწარ საუბარი, მაგრამ გეტყვით რომ მინდა ცოცხალ ორკესტრთან ერთად კონცერტის გაკეთება, რომლის ფორმატსაც საახალწლო-საშობაო თემატიკას მოვარგებთ, რომელიც შესაძლოა მომავალში ტრადიციადაც გადაიქცეს და ხალხს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სადღესასწაულო დღეებში დადებითი ემოციებით სავსე კონცერტს დაესწროს.
დათო გომართელი – სუსტი ხელები
დათო გომართელი – მე მიყვარხარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დათო გომართელი – მოდი ჩემთანა. Live
დათო გომართელი – თოვს, ცივა, სადა ხარ. Live
დათო გომართელი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები