LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი დღეა ირანის მოვლენებზე გული მიკანკალებს” – ამბავი ეგანეზე და ირანზე

152

ყოფილი პარლამენტარი მარიამ საჯაია, ირანის მოვლენებთან დაკავშირებით, ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ის მოგზაურობის პერიოდიდან, თეირანელ გოგოს იხსენებს, რომელსაც ახლა ვერ უკავშირდება.

ეგანე, მარიამის ისტორიიდან, სწორედ ის გოგოა, რომელიც არსებულ რეჟიმს უპირისპირდება: ცხოვრების წესით, სამუშაო ადგილით, მუსიკით და ა.შ.

“ორი დღეა ირანის მოვლენებზე გული მიკანკალებს. ჩემი თეირანელი მეგობარი გოგო, ეგანე მოვიკითხე. მეორე დღეა არ მპასუხობს…
ვღელავ. მგონია, რომ სწორად ვიცი სადაც იქნება.
ესეც ამბავი ეგანეზე და ირანზე.

ეგანე, 6 ივლისი

წუხელ ავტოსტოპზე ერთმა კეთილმა ბიჭმა გააჩერა, გაგვიყვანა ქალაქიდან პოლიციის ჩეკპოინტამდე, სადაც ავტობუსები გამოდიან. მძღოლს თვითონ გადაუხადა და გამოგვგზავნა თეირანს. რიალები აღარ გვაქვს, აქ ბარათს ვერ გამოვიყენებთ, ხვალ ფრენაა – ფორსმაჟორში სამყარო გვეხმარება და ასეთ ხალხს გვიგზავნის. 🙏
ახლა უკვე თეირანში ვართ, ფაქტიურად სახლში, როიასთან. მზრუნველობა ისევ გასაგიჟებელია. ჭამა-სმა თუ სარეცხების დარეცხვა, ტკბილეულის და ჩაის მორთმევა, ჩემი მტკივანი ფეხის დაზელა-გადახვევა, მასაჟი ზურგზე, ყურადღება, ზრუნვა…

ეგანეც სახლშია. ჩამოვიდა ჩრდილოეთიდან, სადაც ტყეში საიტრანსის ივენთზე იყო. ახლა სამახსოვრო დრიმქეთჩერს მიკეთებს, ჩვენთვის საღამოს გეგმებს ალაგებს და საიტრანსის ივენთზეც გვიყვება.
– ადრე, სანამ შედარებით დიდი კომუნა შევიკრიბებოდით, თეირანის რომელიმე პარკს ავირჩევდით, დროს დავთქვამდით და ზუსტად დათქმულ დროზე ვიკრიბებოდით. მიგვქონდა დინამიკები და 40 წუთით ვრთავდით ფსიქოდელიურ მუსიკას. 40 წუთი იმიტომ, რომ ეს დრო სჭირდება პოლიციას ადგილამდე მოსასვლელად. იმ შემთხვევისთვის, თუ უფრო ადრე მოვიდოდნენ, “გუშაგები” გვყავდა დაყენებული. ნიშანს გვაძლევდნენ და ჩვენც გავრბოდით. პოლიციას შეუძლია ფსიქოდელიური მუსიკის სმენის გამო დაგვაპატიმროს, შემდეგ კი შოლტი არ აგვცდება.

რამდენჯერმე საზღვარგარეთ იმოგზაურა. ქალებს ირანის საზღვრის დასატოვებლად ოჯახის წევრი მამაკაცის (თუ დაოჯახებულია – ქმრის, დაუოჯახებელს – მამის) თანხმობა სჭირდებათ. მოგზაურობამ მეტად გაუღვივა თავისუფლების წყურვილი. როცა ერთხელ უგებ გემოს თავისუფლებას, შემდეგ რთულია რკინის ან თუნდაც ოქროს გალიაში ჯდომა. ქვეყნის გარეთ ცხოვრებაც სცადა, მაგრამ ლეგალურად საბუთების მოწესრიგება რთულია. ამასთანავე საფრთხილოცაა, შეიძლება მის ოჯახს, დედას და ძმას ირანში პრობლემები შეუქმნან.
ახლა თეირანში ერთ-ერთ ქოფიშოფში მუშაობს. შარიათის წესებით, ესეც აკრძალულია. გუშინ ამ ბარში პოლიცია შევარდა “აკრძალული” მუსიკის გამო. მისი ერთ-ერთი დიჯეი მეგობარიც დააკავეს. ბევრი მეგობარი არ ჰყავს. ამბობს, რომ აქ ვინმეს ნდობა რთულია. უახლოესად მიჩნეული ადამიანი შესაძლოა პოლიციასთან თანამშრომლობდეს ან ზეწოლის გამო მოუწიოს თანამშრომლობა. ბარში მუშაობის პარალელურად ჰეფიდრამზე (hapi drum) უკრავს ბენდთან ერთად. ქალებს სცენაზე წარმოდგენის უფლება არ აქვთ; იეგანე და მისი ბენდიც არატრადიციულ ანუ აკრძალულ მუსიკას უკრავენ და მისი ეს ქმედებაც კანონსაწინააღმდეგოა. შეზღუდვებია სპორტზეც. ქალები ზოგადად სტადიონებზე არ დაიშვებიან, თუ იქ მხოლოდ ქალები არ არიან. ეს ეხებათ ათლეტებსაც და მაყურებლებსაც. თავად ათლეტ ქალებს, მხოლოდ შესაბამისი სამოსით და “მეპატრონე” კაცის თანხმობით შეუძლიათ შეჯიბრებში მონაწილეობა.
საღამოს პარკში იბარებს ბენდის ბიჭებს. უნდა, რომ მათი მუსიკა მოგვასმენინოს. კედები, ვიწრო ჯინსი და გრძელი პერანგი აცვია. ჰიპი გოგოა, ირანელს მხოლოდ თავსაფარი ამსგავსებს. ეს შილიფად მოხვეული შარფიც აქტიური, ექსპრესიული ლაპარაკისას პერიოდულად თავსუკან უვარდება და ვუსწორებ.
– ნახე, როგორ ცხვრებივით არიან ეს ქალები. ყველა ცხვირის ოპერაციას იკეთებს რომ ლამაზები იყვნენ და კარგად გათხოვდნენ. განა რაში არგიათ ვინმეს საკუთრება იყვნენ. თან, 13 წლის ასაკში შეუძლიათ მშობლებს გაათხოვონ, წარმოიდგინე.
ბენდის ბიჭებსაც შევხვდით. გადაეხვია სათითაოდ. ეს ჩემი ყოფილი ბიჭიაო, მეუბნება ერთ-ერთზე. ჩვეულებრივი გიჟია. საჯაროდ კაცისთვის ხელის ჩამორთმევა ეკრძალება, ქორწინებამდელი ურთიერთობისთვის, ზინასთვის კი გამათრახება ან ჩაქოლვაა სასჯელი. არ ეშინია, შეუპოვარია (bold). ამიტომაც ბედავს საჯაროდ, უამრავ ხალხში დაკვრას. მაგრამ არ აცლიან დაკვრას. როგორც კი ინსტრუმენტების გაშლას იწყებენ, პოლიცია გვადგება თავს. კამათობენ, არაფერი მესმის. დაძაბულობა აშკარად იგრძნობა. უცნაური ისაა, რომ პოლიციელს ძირითადად ეგანე ელაპარაკება და ეკამათება. ბიჭები ჩუმად არიან.
– ხომ იცით, რომ არ შეიძლება?! მე არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ ჩემი უფროსი რომ მოვიდეს, მეც და თქვენც პრობლემა შეგვექმნება – მითარგმნის ეგანე პოლიციელის სიტყვებს და მაგრადაც აგინებს (ჩემთან) თავის უფროსიანად.

ხალხიც შეიყარა მოქმედების სცენის ირგვლივ. სეირს უყურებენ. ხმას არავინ იღებს ერთი მოხუცის გარდა. პოლიციელს ელაპარაკება რაღაცას ხმამაღლა. როგორც მოგვიანებით ეგანემ მითხრა, მათ გამოესარჩლა – არაფერს აშავებენ, მუსიკის დაკვრა უნდათ, ნიჭიერი ხალხია და მათი მუსიკით რა უნდა გაფუჭდესო. ზოგადად, ასაკოვანი ხალხი უფრო მიმღებელი, უფრო გონებაგახსნილია. მათ უნახავთ თავისუფლება, უცხოვრიათ დღევანდელობაზე მეტად თავისუფალ ქვეყანაში 1979 წლის ირანულ რევოლუციამდე. ახალგაზრდები, ირანული რევოლუციის შემდეგ დაბადებულ-გამოზრდილები მეტად ტრადიციულები და კონსერვატიულები არიან, რეჟიმის ბავშვები. უფრო თავისუფალი ახალგაზრდების ქცევაშიც კი სქესზე ბევრია დამოკიდებული. მამაკაცების შემთხვევაში საქმე უფრო რთულად და თან უფრო მარტივადაა. სახელმწიფოს ბერკეტები, დაუნდობელი სისტემა, დაკავება, დაპატიმრება, ჯარში მსახურება მამაკაცების დამორჩილებაზეა ორიენტირებული. მეორეს მხრივ, კაცს ყოველთვის აქვს არჩევანი გზას აცდენილობიდან დაუბრუნდეს სისტემის და საზოგადოების სასურველ ცხოვრებას. კაცს გადახვევა ეპატიება, ქალს არა. ქალი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. ის, მისი სხეული და მთლიანად მისი ცხოვრება კაცის საკუთრებაა. ემანსიპაციის გზას დამდგარი ქალისთვის, როგორც ეგანესთვის, უკან დასახევი გზა მოჭრილია. რადგანაც ერთხელ უკვე გადაუხვია წმინდა გზას, რაც არ უნდა მოინდომოს და ეცადოს სხვების თვალში ნამდვილი მუსლიმი ქალი ის ვერასდროს იქნება. ამიტომ მისი არჩევანი მხოლოდ ბრძოლის გაგრძელება, სისტემის წინააღმდეგ ამბოხი, საკუთარი თავისუფლებისთვის თავის გადადებაა.

ასეც იქცევა. არ ჩერდება და არ ნებდება. ახლაც სხვა ადგილის საძებნად მივდივართ რომ დაუკრან. გზად მელაპარაკება.

– როგორ მინდა, რომ ესენი ჩამოემხონ. ასე აქ ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემთვის. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მარტო ვარ. ხომ ნახე, რომ ჩემი ბიჭებიც კი არ მიდგანან გვერდში.
მარტოა, მაგრამ მის მეამბოხე, უდრეკ სულს, დარწმუნებული ვარ მის გარშემო ბევრის შემოკრება შეუძლია. მათ იდეა აქვთ, მათ თავისუფლება უნდათ. და თუ ეს თავისუფლება აქ უნდათ, ბრძოლის გარდა გზა არ არის. ვხედავ, რომ ამ ერთ გოგოს აქვს უნარი და ქარიზმა, რომ ხალხი შემოიკრიბოს, ბრძოლის მოტივაცია მისცეს. უბრალოდ ეს უნდა მოინდომოს. გაუჭირდებათ, მაგრამ რაღაც მინიმუმის მიღებას მაინც შეძლებენ. თუ თვითონ ვერა, სამომავლოდ მაინც. ისეთ რჩევებს ვაძლევ, ამისთვის ალბათ მეც დამიჭერდნენ.
რამდენიმე წუთით მუსიკის დაკვრას ახერხებენ. უცნაური სასულე და დასარტყამი ინსტრუმენტებით ქმნიან ჟღერადობას. ვზივარ ჩუმად და მენანება, რომ არ შეუძლიათ ეს, ერთი შეხედვით მარტივი და უწყინარი გატაცება თავისუფლად აკეთონ, განავითარონ, საჯაროდ გამოიტნონ. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ პოლიცია გვადგება თავს. უფრო რთულად, მაგრამ მაინც იშორებს ეგანე თავიდან ამ პოლიციელს, ბიჭები მას ამშვიდებენ, ცდილობენ გააჩუმონ. მაგრამ ასე მარტივად არ იქნება ეგანეს გაჩუმება – ახლა ბიჭებს მიუბრუნდა და ხმამაღალი მონოლოგიური სცენა წარმოადგინა. ამომშრალი შადრევნის თუ ამფითეატრის კიდეებზე სხედან თავჩაქინდრული ბიჭები და ენაჩავარდნილები, თვალის ოდნავ გაპარებით უსმენენ შუაში მდგომ, ხელებით, მთელი სხეულით, მთელი გრძნობით და ემოციით მოელვარე ეგანეს. შეპასუხებას არც ცდილობენ, იციან, რომ მართალია. მართალია, რომ მონობაში ცხოვრობენ, რომ თავისუფლება არ აქვთ, რომ ელემენტარულად საყვარელი საქმის კეთება არ შეუძლიათ. ამ მდგომარეობის საპასუხოდ კი ისინი ჩუმად დადიან, დაფარულად აკეთებენ ყველაფერს, მალვით ცხოვრობენ და ეგანეს აჩუმებენ, მხარში ამოდგომის და ძალების გაერთიანების ნაცვლად.
– კარგად შევასრულე დავალება?
– სასწაული გოგო ხარ!
– აქ თუ არაფერი გამოვიდა, საქართველოში ჩამოვალ. მიმიღებ?
– მოდი! შენ ოღონდ მოდი! “, – წერს მარიამ საჯაია.

 

ირანის მწვავე ანტისახელმწიფო საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს მაშჰადში, ხშირად თეოკრატიული რეჟიმის დასაყრდენად მიჩნეულ შიიტ მომლოცველთა ქალაქში დაიწყო, შეძახილით – “შეეშვით სირიას, იფიქრეთ ჩვენზე!”.

საპროტესტო ტალღა მალევე გავრცელდა სხვადასხვა პროვინციებში და გაისმა ისეთი ფრაზები, როგორიცაა “ჩვენ არ გვინდა ისლამური რესპუბლიკა!”, “სიკვდილი რევოლუციურ გვარდიას!” და “სიკვდილი დიქტატორს!”. ცოტა ხანში პროტესტი თეირანშიც გავრცელდა.

დღეს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამად ალი ჯაფარიმ, განაცხადა, რომ ირანის ქალაქებში არეულობა დასრულდა.

“აჯანყება ჩახშობილია”, – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g