LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი საუკუნის წინ არსებული საზღვაო ეტიკეტი (ისტორიული ფოტოები)

189
Belgiya-1024x1024.jpg.pagespeed.ce.nrqwhHD034

ჯერ კიდევ მე-18 და მე-19 საუკუნეებში ქალბატონებს ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტუმით გამოჩენა უბრალოდ არ შეეძლოთ. იმ დროს გარკვეული საზღვაო ეტიკეტი არსებობდა. მისი დაცვა ყველა ქალს ევალებოდა, ხოლო მამაკაცები მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში, მექსიკაში და სხვა ქვეყნებში იცავდნენ ამ ეტიკეტს.

საცურაო კოსტუმით საპირისპირო სქესის წინაშე გამოჩენა მაშინ ცუდ ტონად მიიჩნეოდა. იმისათვის, რომ ადამიანებს თავიანთი მოკრძალება და ღირსება შეენარჩუნებინათ, ძალიან მარტივი რამ მოიფიქრეს – საცურაო მანქანა. მართალია, ეს ჩვენს დროში უკვე დავიწყებულია, თუმცა ორი საუკუნის წინ ამის გარეშე სანაპიროზე გამოჩენა წარმოუდგენელი იყო. საცურაო მანქანის გამოყენება ქალებს უფრო მკაცრად მოეთხოვებოდათ, ვიდრე მამაკაცებს. თუმცა ეტიკეტის წესების დაცვას მაინც ყველა ცდილობდა, ამით კი ერთმანეთისადმი პატივისცემას გამოხატავდნენ.

მანქანა საკმაოდ ფართო ხის ან ტილოს გასახდელ ოთახს წარმოადგენდა, რომელსაც დიდი ბორბლები და შიგნით შესასვლელად რამდენიმე საფეხური ჰქონდა. მოცურავე მასში სამოქალაქო ტანსაცმლით შედიოდა და საცურაო კოსტუმს იცვამდა, რომელიც დღევანდელ, თანამედროვე საზღვაო სამოსთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული იყო. გამოცვლილ ტანსაცმელს კაბინაში ტოვებდა.

ამის შემდეგ საცურაო მანქანა ცხენის, ხანდახან კი ადამიანის ფიზიკური ძალის დახმარებით ზღვაში შედიოდა.

როგორც კი ვაგონი ნაპირისგან და ცნობისმოყვარე თვალებისგან მოშორებით, საკმარისი მანძილით შევიდოდა წყალში, მოცურავე ქალბატონი კაბინიდან გამოდიოდა. თუ წყალში ჩასვლის მსურველმა ცურვა არ იცოდა, წელის გარშემო მსხვილ თოკს ირგებდა,  რომელიც ვაგონზე იყო დამაგრებული.

როგორც კი ქალი ცურვას მორჩებოდა, ის საცურაო მანქანას უბრუნდებოდა, იმშრალებდა, იცვლიდა და ისევ სამოქალაქო ტანსაცმელს იცმევდა. მანამდე კი პატარა დროშით გაფრთხილებას იძლეოდა, რომ მზად იყო ნაპირზე დასაბრუნებლად.

პოპულარულ და ცნობილ კურორტებზე სპეციალური რელსები არსებობდა, რომლითაც მანქანის მეშვეობით წყალში შესვლა უფრო მარტივად და სწრაფად იყო შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ პირველი საცურაო მანქანა მეთვრამეტე საუკუნეში გამოჩნდა. მანამდე საცურაო კოსტუმები საერთოდ არ არსებობდა და ადამიანების უმეტესობა სრულიად შიშვლები ბანაობდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში, როცა მორალური ღირებულებები იცვლებოდა, შიშველი ბანაობა და ქალისა და მამაკაცის ერთობლივი ცურვაც  კი მიუღებლად მიიჩნიეს.

ასეთმა მანქანებმა მას შემდეგ დაკარგეს მნიშვნელობა და საჭიროება, როცა ერთობლივი ცურვა სრულიად მისაღები გახდა. 1920-იანი წლების დასაწყისში მისი გამოყენება საერთოდ შეწყდა. ხოლო სანაპიროზე შემორჩენილ მანქანებს, როგორც გასახდელს ისე იყენებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g