მცენარე ორკბილას გავრცელების საკმაოდ ფართო არეალი აქვს, რომელიც მოიცავს მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირს, გარდა უკიდურესი ჩრდილოეთისა. იგი სარეველას სახით ხარობს ჭაობებში, მდინარეებისა და ტბების პირას, სარწყავ მიწებზე. ორკბილას ქიმიური შემადგენლობა არასაკმარისად არის შესწავლილი. თუმცა მეცნიერთა ბოლო მიღწევებით ნათლად ჩანს, რომ მცენარე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მედიცინაში იყენებენ ორკბილას აყვავებულ წვეროებს, რომლებიც შეიცავს კაროტინებს, C ვიტამინს, ეთერზეთებს, ლორწოებს, ფლავონოიდებს, ფისოვან ნივთიერებებს, მწარე ნივთიერებებს, რკინას, კალციუმს, თუთიას, ალუმინს, ტყვიას, კობალტს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. სწორედ მათი შემცველობის გამო ორკბილა მედიცინაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
მცენარე ორკბილას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და სისხლის გამწმენდი მოქმედება. ამ თვისებების გამო მის ნაყენს კანის დაავადებების დროს იყენებენ, ხოლო როგორც ნაყენს, ისე ნახარშს მოზარდებში იყენებენ აბაზანისთვის. ნაყენი ასევე ხშირად ბავშვთა დიათეზის სამკურნალოდ გამოიყენება, რომელსაც თან ახლავს კანის სხვადასხვა სახის დაავადებების გართულება. ორკბილას ნაყენით და ნახარშით კურნავენ ფურუნკულოზს და ეგზემას, კანის ალერგიულ გამონაყარს. გარდა დაზიანებული კანისა მცენარის ნაყენსა და ნახარშებს ხშირად შინაგანი გამოყენებისთვისც ხმარობენ, როგორც შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე მადის აღმძვრელად.
ცნობილია, რომ ორკბილას ყვავილები დათვის ყურასთან და არყის ხის კვირტებთან ერთად თირკმელების ქრონიკული დაავადებების, აგრეთვე სიყვითლისა და შარდსასქესო ორგანოების დაავადებების დროს გამოიყენება. ასევე წარმატებით მკურნალობენ ფსორიაზის დროს. ორკბილას ნაყენს ხშირი გამოყენება აქვს რაქიტის, ნეკრისის ქარის და ღვიძლის დაავადებების დროს. იგი მსუბუქი, დამამშვიდებელი მოქმედებით გამოირჩევა, რომელიც მისი პრეპარატის შინაგანი ხმარებისას ვლინდება. ორკბილას ნაყენს იყენებენ, როგორც სისხლგამწმენდ წამალს. მისი ბალახი ჩაის ნაკრების შემადგენლობაში შედის. გამოდის ბრიკეტების სახით. გამოიყენება აგრეთვე კოსმეტიკაში. ხალხურ მედიცინაში ძველთაგანვე იყენებდნენ სურავანდის, კბილის ტკივილის და სისხლნაკლულობის დროს. ტიბეტურ მედიცინაში კი სისხლის დაავადების დროს, ათეროსკლეროზისა და ციმბირის წყლულის დროს გამოიყენება.