LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორნიშნა ინფლაცია საკმაოდ ნეგატიური მაჩვენებელია, დაბალშემოსავლიან ადამიანებს დღითი დღე უძვირდებათ ცხოვრება – როგორ შეიძლება შემცირდეს ფასების ზრდის მაღალი ტემპი / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

15
277718641_964231437788496_5348124865726761342_n

2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 11.8% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8 პროცენტით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6 პროცენტით,

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს – ფასების 8.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.

ფასების ზრდა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს პრობლემა წელსაც ვერ მოიხსნება.

„ბიზნესკურიერის“ სტუმარია ეკონომისტი ირაკლი მაკალათია.

– შემოდგომაზე ეროვნული ბანკი ამბობდა, რომ სხვა თანაბარ პირობებში (და ამაში რა თქმა უნდა, ომის დაწყება არ იგულისხმებოდა), ინფლაცია დაიწევდა, თუმცა მარტის ინფლაცია გვაჩვენებს, რომ სამწუხაროდ ორნიშნა ზრდა გვაქვს. პროგნოზი მესმის, რომ ძალიან რთულია, მაგრამ ალბათ ძალიან მძიმე იქნება ეს წელიც…

– გასული წლის ივლისის თვიდან დაწყებული დღემდე გვაქვს ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი, რაც საკმაოდ ნეგატიური მაჩვენებელია, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის.

ვისთვისაც დაბალია ხელფასები, მათთვის თავისთავად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დაბალია და შესაბამისად ცხოვრება დღითი დღე უძვირდებათ.

განსაკუთრებით ეს შეეხება სურსათის ჯგუფს, სადაც ყველაზე მაღალი ინფლაცია ფიქსირდება. ვიცით, რომ მთლიან ხარჯვით სტრუქტურაში 30 % უჭირავს სურსათზე გაწეულ ხარჯებს. ეს ორმაგად მოქმედებს მოსახლეობის ჯიბეზე.

რაც შეეხება მოლოდინებს… ყველაფერი გასაგები იყო.

წლის დასაწყისში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მარტიდან ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდებოდა და არ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პროდუქტი  გაიაფდებოდა, ვამბობდით, რომ უბრალოდ ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირდებოდა და ამას ექნებოდა ორი მიზეზი.

პირველი მიზეზი იყო, ტრანსპორტის ჯგუფში საწვავის გაიაფების ტენდენცია და ეს გვაძლევდა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ფასებზე დადებითად აისახებოდა, რაც გამოიწვევდა ინფლაციის დონის შემცირებას.

და მეორე მიზეზი იყო კომუნალური გადასახადები, სადაც გასული წლის მარტის თვიდან, როდესაც სუბსიდირებას ახდენდა მთავრობა და არ გვქონდა შემცირებული ფასები.

დღეს, გადასახადების სუბსიდირების პროგრამა მოიხსნა.

თუმცა საპირისპირო სურათი მივიღეთ, ომმა ფასების ზრდა გამოიწვია.

– ძალიან მნიშვნელოვანი ზეგავლენა ფასების ზრდაზე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების გაზრდამ გამოიწვია. რა შეიძლება გავაკეთოთ საქართველოში, რომ ეს უარყოფითი ეფექტი შევამციროთ. მესმის, რომ ამ ეფექტს ვერ ავცდებით, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ.

რა შეიძლება გაკეთდეს იგივე ეკონომიკური ტრანსფორმაციის კუთხით, რომ  ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ.

– ერთი მომენტია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები იზრდება და ეს ადგილობრივ ბაზარზეც იმოქმედებს. ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ფასების ზრდის მაღალი ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ.

როდესაც ვსაუბრობთ ნავთობზე, ამ შემთხვევაში მთავრობამ რაც უნდა გააკეთოს, პირველ რიგში ეს უკავშირდება გადასახადების შემცირებას. ეს იქნება დღგ თუ აქციზის გადასახადი.

ეს ნიშნავს იმას, რომ იმპორტიორ კომპანიებს შეუმცირდებათ დანახარჯი და ეს აისახება ფასებზე და გამოიწვევს პროდუქციის ფასების შემცირებას.

მეორე ნაბიჯი რაც არის გადასადგმელი, არის მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ჩართულობა, რაც პოზიტიურად უნდა აისახოს ლარის გამყარებაში. უცხოურ ვალუტასთან, რაც უფრო გამყარებული იქნება ლარი, პოზიტიურად აისახება. გაგვიიაფდება იმპორტირებული პროდუქტის ფასები.

ესაა ორი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას მთავრობამ და აქეთკენ უნდა იყოს ეკონომიკური ნაბიჯები გადადგმული.

ამავე დროს რუსეთის ბაზარი ჩაგვეკეტა… ვსაუბრობთ, რომ ხორბალი შემოგვაქვს რუსეთიდან და შემდეგ ეს ფასებზე იმოქმედებს. ამიტომ სხვა ალტერნატიული ბაზრები უნდა ავიღოთ, ამ შემთხვევაში  დაგვემატება ლოგისტიკური ფასები.

თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არანაირ ქმედით ნაბიჯებსა არ ვდგამთ. ძალიან მარტივ სტატისტიკას თუ მოვიყვანთ, მთლიანი სასოფლო სამეურნეო მიწები, დაახლოებით 65 % არის სახელმწიფო საკუთრებაში, რაც ნიშნავს, რომ ეს აქტივობა გაჩერებულია და არავინ არ ამუშავებს, მაშინ როდესაც მას დიდი პოტენციალი აქვს და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ამ ნაკვეთზე მომხდარიყო ხორბლის გაშენება, ან იმ პროდუქტის, რის მოყვანასაც მეწარმეები საჭიროდ ჩათვლიდნენ.

ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ის, რაც იმპორტირებულია და მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტები, ჩვენ თვითონ მოვიყვანოთ და საერთაშორისო ფასებმა ჩვენზე არ იმოქმედოს და ამ ყველაფერზე დამოკიდებული არ ვიყოთ განსაკუთრებით სურსათის ნაწილში.

ამ მიმართულებით ძირეული ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელსაც სამწუხაროდ მთავრობა არ დგამს და არათუ არ დგამს, არამედ ნიშნებიც არ შეიმჩნევა, რომ ახლო პერიოდში ამის მზაობას გამოთქვამენ.

– პრობლემაა ალბათ ისიც, რომ საუბარი დაიწყეს საბიუჯეტო ცვლილებებზე და ხარჯვითი ნაწილის გაზრდას აპირებენ. იმ დროს, როდესაც იბიარდის პროგნოზით 2%-იანი ზრდა გვექნება. ეროვნულმა ბანკმაც შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ყველა პარამეტრებით ჩვენ ისე ვეღარ გავიზრდებით რუსეთ-უკრაინის ომის გამო. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ამ შემთხვევაში ხარჯვითი ნაწილის ზრდა.

– რასაკვირველია, გაუმართლებელია. გასულ კვირას აქციაც მოეწყო, რომ აქციზის გადასახადი შემცირებულიყო, რომ დღგ შეემცირებინათ ან გაეუქმებინათ, რაზეც მთავრობამ განაცხადა, რომ ამას ჩვენ ვერ შევცვლით, იმიტომ რომ დაკორექტირებული და განსაზღვრული გვაქვს ბიუჯეტი.

ეს ზუსტად ის გადმოსახედია და ის ნათქვამია, რაც უნდა ეთქვათ. ჩვენ გვაქვს დიდი სახელმწიფო წილი, რადგან ბიუროკრატია არის ძალიან დიდი. ბიუროკრატიას სჭირდება ბევრი ფინანსები შესანახად.

მთავრობა არც ერთ შემთხვევაში არ გადადგამს ბიუჯეტის კორექტირებისკენ ნაბიჯს, რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა.

შესაბამისად ხელისუფლება მიმართული იქნება იქითკენ, რომ კიდევ უფრო გაზარდოს ბიუჯეტი და კიდევ უფრო მეტი ბიუროკრატია შექმნას და გააძლიეროს სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში.

მცირე მთავრობის კონცეფცია, რომელიც ფურცელზე დაიწერა და ფურცელზე დარჩა, ეს კონცეფციაა მთავრობაში გასატარებელი და მცირე მთავრობა ნიშნავს, რომ ბიზნესისა და კერძო სექტორის წილი იზრდება და მთავრობის ჩართულობა მონაწილეობა ეკონომიკაში, იზრდება. რაც უფრო მცირე მთავრობის წილი გვექნება, ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება და ბიუჯეტიც ადვილად დასაკორექტირებელი იქნება. როდესაც მსგავსი სიტუაციები შეიქმნება, შეგვეძლება იმის თქმა, მოდი გადასახადები შევამციროთ, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში.

როდესაც მთავრობა ფინანსებზეა ჩამოკიდებული, უბრალოდ ამ ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია, ეს სისტემა ასეა შექმნილი, რომ ვერ გაუძლებს შემცირებულ ხარჯებს ბიუროკრატიის მიმართულებით.

– იმედია, სწორ ნაბიჯებს გადადგამენ, რისი პრეცედენტი საბედნიეროდ არ გვაქვს, მაგრამ ახლა იმ სიტუაციაში ვართ, რომ იმედი სულ ბოლოს კვდება. ამ სფეროში მომუშავე ადამიანები, იმედია გაითვალისწინებენ თქვენს რჩევებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g