LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ნუკი კოშკელიშვილი ზაფხულს საქართველოში გაატარებს: „როცა დავფეხმძიმდი, ვიფიქრე, რომ თვალის ცემას ავირიდებდი და პირველ ეტაპზე აღარ გავამხილე, თავი შევიკავე… ახლა მეოთხე თვეში ვარ და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ….“

152
ნუკი

ნუკი კოშკელიშვილი და მისი ამერიკელი მეუღლე, ბენ ჩაიმი მეორე შვილს ელოდებიან. ეს სასიხარულო ამბავი გამომწერებს წყვილმა მხოლოდ მას შემდეგ გაუმხილა, რაც დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ვინაიდან წინა ორსულობა ნუკის მოეშალა და ამან ტელეწამყვანს, გასაკვირი არაა, რომ დიდი სტრესი მიაყენა…

ნუკის აშშ-ში დავუკავშირდით, სიახლე მივულოცეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით.

ნუკი, საზოგადოებას ახლახან გაუზიარე შენი ორსულობის ამბავი. მერამდენე თვეში ხარ, როდის ელოდები შენს პატარას და როგორია ეს მოლოდინი? რატომ არ გაამხილეთ აქამდე ეს ამბავი?

საზოგადოებას ახლახან გავუზიარე ეს ამბავი, რადგან წინა ორსულობა მომეშალა. წინა ორსულობის დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეგრევე წამოვაყრანტალე, რომ ორსულად ვარ… როცა მომეშალა, ძალიან სტრესული აღმოჩნდა ის, რომ ყველასთვის უნდა ამეხსნა, რატომ აღარ მეზრდებოდა მუცელი… ერთი მხრივ, სტრესული იყო, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო. ამჯერად, როცა დავფეხმძიმდი, ვიფიქრე, რომ თვალის ცემას ავირიდებდი და პირველ ეტაპზე აღარ გავამხილე, თავი შევიკავე… ახლა მეოთხე თვეში ვარ და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ….

როგორ გრძნობ თავს და როგორ მიმდინარეობს ფეხმძიმობა?

თავს ვგრძნობ საზიზღრად. მაჩვენეთ, რომელი ორსული ქალი არ გრძნობს თავს საზიზღრად. ყველაფერი მტკივა, ყველაფერი მაწუხებს, წონაში მოვიმატე. ოვიზე, სხვათა შორის, ასე არ მომიმატია, აქ ეგრევე გავსივდი, მაგრამ არ ვნერვიულობ, მერე დავიკლებ, ვიცი, მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

ძალიან მინდოდა მეორე შვილი. რაც მთავარია, ოვის უნდოდა ძალიან მეორე ბავშვი ოჯახში. რომ ვუთხარით, იქნებაო, ძალიან ბედნიერი. ყოველდღე მეკითხება, დღეს რა ზომისაა ბავშვი, ჩართულია… კარგად აღიქვა და ბედნიერია. მიყვარხარ-მეთქი, რომ ვეუბნებოდი, მპასუხობდა, მარტო მე კი არა, ორივე გიყვარვართო. ამით მივხვდი, რომ რაღაცანაირად გააცნობიერა, რომ ეყოლება ძმა.

სქესის გაგების ცერემონიაზე შევიტყვეთ, რომ ბიჭის დედა გახდები...

ახლახან გავიგეთ სქესი, მაგრამ მე, ბენმა და ოვიმ მანამდე გავიგეთ, სანამ წვეულებას გავმართავდით ჩვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის და გავაკეთებდით ოფიციალურ ვიდეოს. მოვიდა გენეტიკური ტესტის პასუხები და უკვე ვიცოდით წვეულებამდე. ძალიან გაგვიხარდა, რადგან ოვის ძალიან უნდოდა ძმა. მე კი გოგოშკურად მინდოდა ნაწნავების დაწვნა, მაგრამ… ჩემთვისაც სასიხარულო იყო, რომ ოვის ძმა ეყოლება, რომელსაც ასე ნატრობდა…

ორი შვილის დედა – ამ ამპლუაში როგორ წარმოგიდგენია თავი და რა სირთულეებს ელოდები?

ორი შვილის დედის ამპლუაში ყოფნა როგორია, ჯერ არ ვიცი… რომ გაჩნდება, მერე აუცილებლად გაგიმხელთ. ჯერჯერობით სულ ვარ დაღლილი, ყველაფერი მტკივა, ვარ შეშუპებული და მოვდივარ საქართველოში, რომ ზაფხული მანდ გავატარო (იღიმის).

magti 5g