ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში ქართული რესტორანი „ნიკალა“ გაიხსნა. კვების აღნიშნული ობიექტი საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს – მისი მეპატრონეები მეუღლეები, ქეთევან ღვინიაშვილი და დავით სინჯიაშვილი არიან.
ქეთევან ღვინიაშვილი, რესტორნის „ნიკალა“ თანადამფუძნებელი:
– ჩემი მეუღლის დიდი ხნის ოცნება იყო, საკუთარი რესტორანი ჰქონოდა. 2 წლის წინ გადავწყვიტეთ, გვესინჯა ბედი, დაგვეწყო ეს ბიზნესი და დაგვემკვიდრებინა სახელი ბაზარზე. დათო მაშინ „გუგლში“ ტექნოლოგიების მიმართულებით პროექტის მენეჯერად მუშაობდა, მე სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის რესტორანში, ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება მქონდა.
თავდაპირველად სამზარეულო დავიქირავეთ და გაყინულ პროდუქციას – ხინკალს, ხაჭაპურს, ქაბაბსა და კუპატს ვყიდდით. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ორივე სრულ განაკვეთზე ვმუშაობდით. ამის შემდეგ უკვე რესტორნის გახსნის გეგმის განხორციელებას შევუდექით.

აშშ-ში ფართის დაქირავება საკმაოდ რთულია, რადგან თანამშრომლობა, ძირითადად, ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ კომპანიებთან სურთ. ბევრი ძებნის შედეგად ვიპოვეთ ჩვენთვის სასურველი ფართი. შემდეგ იყო რემონტისა და რესტორნისა და ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობის ლიცენზიების მოპოვების ეტაპი.
ჩვენს რესტორანში მყუდრო და ქართული გარემოს შექმნაში დიზაინერი ვიკა ტოკლიკიშვილი დაგვეხმარა. „ნიკალას“ მთავარი მზარეული დავითი იქნება, მე კი ადმინისტრაციულ ნაწილს ვუხელმძღვანელებ.
რესტორანი 73 ადამიანზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ყველა თანამშრომელი ქართველი გვყავს, მათ შორის არიან ჩემი მეგობრებიც და ჩემი 18 წლის შვილიც. ვმუშაობთ ყოველდღე, 11:00 საათიდან 21:00 საათამდე.
რაც შეეხება რესტორნის სახელს, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორი დეტალის კომბინაციაა – მე და ჩემი მეუღლე კახეთიდან ვართ და ნიკალა სწორედ კახეთის სიმბოლოა, ამასთან, ის ჩვენის შვილის სახელიცაა.

გახსნის დღიდანვე დადებითი უკუკავშირი გვაქვს მომხმარებლების მხრიდან, რადგან ბაზარზე ქართული სამზარეულოს მიმართ ინტერესი დიდია. უამრავ შეტყობინებას ვიღებთ ყოველდღე ჩვენთან სტუმრობის მსურველი ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, ყველას ნამდვილი ქართული სტუმარმასპინძლობით და უგემრიელესი კერძებით დავხვდებით – ჩვენი მენიუ სრულად ქართულია, გვაქვს ქართული ღვინო და ქართული ლიმონათებიც კი.