ქართული პროდუქტი აბსოლუტურ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ”მეტი ქართული პროდუქტის” პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმპორტირებულის ქართული პროდუქტით ჩანაცვლება მნიშვნელოვანი ინიციატივაა.
”აქ არ არის საუბარი მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე, არამედ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტით უზრუნველყოფაზე, რომელიც დამაკმაყოფილებელია ისეთი საერთაშორისო კომპანიებისთვის, როგორიცაა “დანკინ დონატსი” და “ვენდისი”, რადგან მათი სტანდარტები საკმაოდ მკაცრია. ქართული პროდუქტი კი აბსოლუტურ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ წავახალისებთ ყველა ასეთ ინიციატივას. სამწუხაროდ, კიდევ დაბალი გვაქვს თვითუზრუნველყოფა ხორც-პროდუქტების და თევზეულის საკითხში. მოვუწოდებთ ყველა ბიზნესმენს, ვისაც ანალოგიური ბიზნესი აქვს, რომ გააკეთონ ადგილობრივი პროდუქტით იმპორტირებულის ჩანაცვლების სტიმულირება” – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ამერიკული რესტორნების ქსელმა “ვენდისმა” და “დანკინ დონატსმა” იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა. “ვენდი” და “დანკინ დონატსი”, “სმარტთან”, “მარშესთან”, “პურის სამყაროსთან”, “მილკოსა” და “ბადაგთან” თანამშრომლობით, ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ, ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს შესთავაზებს.