გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეგიონულმა ხელმძღვანელმა მაიკლ ფრენკომმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის საკითხები, მესაქონლეობის დარგში არსებული მდგომარეობა, კვლევის „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ შედეგები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს.
„ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს; ერთობლივად არაერთ პროგრამას ვახორციელებთ და მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. სოფლის მეურნეობის სექტორში ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებებია მესაქონლეობის დარგის მხარდაჭერა-განვითარება, სასოფლო-სამეურნეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია. ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა მიზნობრივი პროგრამებით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. აქტიურად ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებებით. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, USDA-ს და ჩვენი სხვა პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევაზე „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“, რომელიც USDA-ს მხარდაჭერით განხორციელდა. ოთარ შამუგიამ კვლევის შედეგებს და ხორბლის წარმოებისა და რეალიზაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენებას, ღონისძიებების კალენდარულ ვადებში განხორციელებას და სარწყავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გამოწვევების დაძლევის მიმართულებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
მაიკლ ფრენკომმა კი განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი „ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში“ საქართველოს როლის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს.