LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომას დაესწრო

115
12

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) მმართველი კომიტეტის 32-ე სხდომას დაესწრო.

ოთარ შამუგიამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში მუდმივი მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირის მხრიდან ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში იმყოფება და ვიმედოვნებთ, რომ ის დადებითი იქნება. რაც შეეხება ENPARD-ის IV ფაზის საბიუჯეტო კომპონენტის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებს, მიმდინარე წელს, ევროკომისიის მიერ დაქირავებული ექსპერტების მისიის ვიზიტი შედგა. შემფასებლებს ინფორმაცია 2022 წლის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მივაწოდეთ და ვიმედოვნებთ, რომ შეფასება დადებითი იქნება. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას 2023 წლის ვალდებულებებიც, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველა უწყებამ, სააგენტომ თუ სამსახურმა ისინი  დროულად შეასრულოს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდეროვიჩის განცხადებით, „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვაში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g