საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) რეგიონულ დირექტორს ლიამ ჩიკას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
„სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველო რეფორმებს არაერთი მიმართულებით აქტიურად ახორციელებს. დადებითი შედეგები უკვე სახეზეა, თუმცა გარკვეულ სექტორში, მათ შორის, საძოვრების მართვის კუთხით კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, მომავალში IFAD-თან პარტნიორობის გააქტიურება და ეფექტიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც ლიამ ჩიკამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას.