საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს მარკ ფესნოს მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე – Sommet De L’elevage – ქართულ სტენდთან უმასპინძლა. მიმდინარე წელს საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებები და შედეგები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ფრანგ კოლეგას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაძლიერება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მარკ ფესნოს თქმით კი, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს მიესალმება.
„ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, მეორე მხრივ კი, ჩვენი მიზანია, წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი გარემო, ზეწოლისგან და დაზიანებისგან იყოს დაცული წყლის, მიწის, ტყის რესურსი. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე. მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნის მისაღწევად”, – აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საფრანგეთის მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა, როგორებიცაა მეცხოველეობის სექტორი, მცირე ფერმების ხელშეწყობა, მიწის მართვა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
შეხვედრის ბოლოს მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მელიორაცია, მიწის მართვა, სატყეო მმართველობა, მეცხოველეობა და სხვა.