LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ შამუგია – სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება

133
ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისში, ლურჯი მოცვის ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის წარმომადგენლები, საერთაშორისო კონსულტანტები და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები.

ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა.

„ლურჯი მოცვის წარმოება ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული მაგალითია პროგრამისა „დანერგე მომავალი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ამ კულტურის დაფინანსება დავიწყეთ.  სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებთან ერთად, შევძელით 2800 ჰექტრამდე ბაღის გაშენება. გასულ წელს 20 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განვახორციელეთ. სულ რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება არ გვქონდა. შემოვიდა სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ფერმერებმა დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ მოყვანასთან ერთად სათანადო სტანდარტებით შენახვა და შემდგომ სხვადასხვა ბაზარზე რეალიზაცია შევძლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ამ ნაწილშიც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით. ჩვენი ფერმერები და ქართული წარმოების ლურჯი მოცვი სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე არიან წარმოდგენილები. ეს ხელს უწყობს შესაბამისი კონტაქტების დამყარებას. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, –  განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიის ფორმატში მსჯელობა გაიმართა ლურჯი მოცვის წარმოების, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

magti 5g