საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მხარეებმა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„უკვე მრავალი წელია, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ის პროექტები, რომლებსაც IFAD-ის მხარდაჭერით ვახორციელებთ, ქვეყანას სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ეხმარება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით რეფორმების განხორციელებას და რეგულაციების დანერგავს გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი ქვეყანამ უკვე შეასრულა, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, მით უფრო ახლა, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა IFAD-ის მიერ დაფინანსებული „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტის“ (AMMAR) შედეგები და გამოითქვა სურვილი, რომ მიმდინარე პროექტიც „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ (DIMMA) ასეთივე ხელშესახები და ღირებული შედეგების მომტანი იყოს.
„სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. მისასალმებელია, რომ ქვეყანა აქტიურად მუშაობს მიწის მდგრადი მართვის და საძოვრების მართვის რეფორმაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მცირე ფერმერების გაძლიერებას და IFAD-ის პროექტებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ზოგადად, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა დონალ ბრაუნმა.
შეხვედრას IFAD-ის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის განყოფილების (NEN) რეგიონალური დირექტორი დინა სალეჰი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და IFAD-ის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.