ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ლეგენდარული ჯგუფის „ოთხი გიას“ ერთ-ერთი დამაარსებელი, მრავალი მუსიკის ავტორი გია ნაცვლიშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერების პრემიერით. ერთ-ერთი სიმღერის „ნარდი მაინც ნარდია“ შემსრულებელი კი ჩვენი გადაცემის წამყვანი ლაშა რამიშვილი გახლავთ.
პირველ რიგში საახალწლო სიმღერის „ინდაური“ შექმნის ისტორია რომ გვიამბოთ?
როგორც დაგპირდით ორი ახალი სიმღერით მოვედი „ოთხი გიას“ შესრულებით, რომლის გაკეთებაზეც თავად ვიმუშავე. ამას გარდა კიდევ ორი სიმღერა მოგიტანეთ. რაც შეეხება საახალწლო სიმღერის ისტორიას, 90-იანებში თბილისში კარგი რაც გაკეთდა იყო ჯაზის აკადემია, რომლის დამაარსებელი მიშა მანაშერიძე გახლდათ. სწორედ იქ მუშაობდა ჩემი დაც პრორექტორად. ერთ საღამოს თინა მეუბნება, ნუგზარ კვაშალი იყო მოსული აკადემიაში და მითხრა, რომ შენი ნახვა სურსო. თურმე ბავშვთა მუსიკალური თეატრის გაკეთება ჰქონდა გადაწვეტილი და ამის შესახებ უნდა ეთქვა ჩემთვის. ამას ახალი სიმღერები, ფონოგრამები სჭირდებოდა და ცოტა მერთულა, თუმცა ნუგზარმა მაინც დამითანხმა. გადავდგით ნაბიჯი და დავგეგმეთ ქასთინგი, ნუგზარი კი ამ დროს უკვე მოსკოვში იყო წასული სამუშაოდ. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი აღმოჩნდა. ჯაზის აკადემიაში ერთი ძალიან კარგი გოგო, სწავლობდა, რომელიც დღეს საკმაოდ პოპულარული ჯაზ-მომღერალია, მაკა გამყრელიძე , მისი დახმარებით დავიწყეთ ბავშვების მეცადინეობა. ერთ-ერთი პირველი სიმღერა იყო „ინდაური“, რომელიც დავწერე ერთი ძალიან კარგი გოგოსთვის, უნიჭიერესი თამთა ცინცაძისთვის. ამ პერიოდში ფონოგრამების კეთება ჩემმა უმცროსმა ძმაკაცმა ბორიკო შხიანმა დაიწყო და ვმუშაობდით ერთად. სწორედ ასე დავიწყე სიმღერების წერა. ეს სიმღერა, როდესაც გავაკეთეთ ნუგზარმა მითხრა, რომ თავად იმღერებდა. მართალია ინდაური საცივისთვისაა კარგი, მაგრამ სიმღერაში არის ინდაური, რომელსაც პრეზენტია აქვს, რომ გახდეს არწივი. თურმე ეს მხოლოდ საბავშვო სიმღერა არ ყოფილა. კაკო ვაშალომიძემ გააკეთა ფონოგრამა, ყველა ინსტუმენტზე დაუკრა და ასე გაკეთდა ცოცხალი შესრულება. ტექსტის ავტორი გახლავთ ქალბატონი თინა, მუსიკა ჩემია, არანჟირება კი კაკო ვაშალომიძის.
ნუგზარ კვაშალი სატელეფონო ხაზზე.. მაესტრო როგორ ხართ?
მადლობთ კარგად, თავად როგორ გიკითხოთ… გია ძალიან კარგი ადამიანია, სიმართლე, რომ გითხრათ მისი მშურს, რადგან კარგად გამოსდის ყველაფრის კეთება. არაჩვეულებრივი ხელი აქვს, ხინკლის და მწვადის კეთება მას არ ეშლება.
ახლა კი „ოთხი გიას“ ორ ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ..
პანდემიის პერიოდში, სახლში ყოფნისას შევქმენი ეს ორი ახალი სიმღერა. პირველი სიმღერა არის „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“ ფილმიდან „მზე შემოდგომისა“. მეორე სიმღერა კი „მოდით პირამდე ავავსოთ სასმისი“ კინოფილმიდან „ნინო“.
სიმღერა „ნარდი მაინც ნარდია“ როგორ დაიწერა?
მე და ჩემმა დამ საუკეთესო წლები ვიცხოვრეთ თბილისულ ეზოში, ოქროსუბანში. წარმოშობით თელავიდან ვარ, ამიტომ სტუდენტობის პერიოდში ვცხოვრობდით დეიდასთან. ამ ეზოში დავინახეთ თბილისის, უბნის სიყვარული. სახლის კარი არავისთან იკეტებოდა. ამ სიმღერით კი მე და თინამ გადავწყვიტეთ მადლობა გადავუხადოთ ოქროსუბანს, მეზობლობას და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ მათ. გვინდა ნინოშვილის 70-ს და ბიძაჩემს ოთარ იმნაიშვილს მივუძღვნათ ეს სიმღერა. ჩაიწერა ჩემთან სტუდიაში, ტექსტი არის თინასი, არანჟირება გია მაჭარაშვილის. სიმღერაას კი ასრულებს ლაშა რამიშვილი.
ლაშა რამიშვილი – ნარდი
ნუგზარ კვაშალი – ინდაური
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გია ნაცვლიშვილი – ქალები. Live
გია ნაცვლიშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები